აღარავის ვურჩევ კონსტიტუციის დარღვევას, მითუმეტეს სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ, რომ მან ერთხელ უკვე დაარღვია და რეციდივისტივით გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ის მჭიდრო კოორდინაციაშია როგორც ოპოზიციასთან, ასევე არასამთავრობოების ნაწილთან. თუ ის გადაწყვეტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და შეიძლება მისი ეს ქმედებები ამით იყოს განპირობებული, იმიტომ, რომ სხვანაირად აუხსნელი და ალოგიკურია, როგორ შეიძლება დაარღვიოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, მაშინ ნათლად გამოჩნდება, რომ მას არანაირი პოლიტიკური წონა არ აქვს, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არ მისცემს ხმას“, - აცხადებს სამხარაძე.
რა გეგმა აქვს პრეზიდენტს და დარჩება თუ არა ვადის ამოწურვის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში - ამ კითხვას პასუხს თავად სალომე ზურაბიშვილი გასცემს. პრეზიდენტი დღეს სავარუდოდ მედიისთვის ბრიფინგს გამართავს. მისი პოლიტიკური გეგმები კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პოლიტიკური გეგმების პარალელურად საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე მთავრობასთან შეუთანხმებელ ვიზიტებს.