გია ვოლსკი: საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიცია არ არსებობს და რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული - მისასალმებელია, თუ ამ კომიტეტს ხათუნა სამნიძე გამოეყო

გია ვოლსკი: საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიცია არ არსებობს და რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული - მისასალმებელია, თუ ამ კომიტეტს ხათუნა სამნიძე გამოეყო

ხათუნა სამნიძის პოზიცია, მისასალმებელია - სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიცია არ არსებობს და რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული - მისასალმებელია, თუ ამ კომიტეტს სამნიძე გამოეყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, ადგილი აქვს საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას, რასაც თავად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ლაშქრობას არქმევენ.

„პოზიციაში დიდი განსხვავება არ არის. თავად ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძეც ამბობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის ხალხს და არა მთავრობას, რაც იგივეა, ხალხს მოუწოდო, გადააგდე მთავრობა, ჩვენ აგვირჩიე და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც პაატა მანჯგალაძე გვპირდება, რომ ორ-სამ დღეში არა თუ კანდიდატის, არამედ ევროკავშირის წევრის სტატუსს მივიღებთ.

ეს პრივიტივიზმი გამოჩნდა, სადაც ხათუნა სამნიძე და ყველა საერთო პოზიციაზე იდგა, თუმცა არ ვიცი, რამ განაპირობა მისი ეს გულახდილობა. შესაძლოა ხედავს თუ საით მიდის პროცესი და ცუდი გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, ხალხის წინაშე თავს გაიმართლებს, რომ თავად სტატუსის მიცემას მხარს უჭერდა, მაგრამ ასე მოხდა... შემდეგ რაღაც ახალ ზღაპრებს მოიგონებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც “რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და საქართველოს სტატუსი 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს. სამნიძის თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება შეწყვიტონ.