სალომე სამადაშვილი: ვინც ავითარებს ფაბულას, რომ ოპოზიციას შეუძლია, შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მოცემას, უბრალოდ ბრიყვია - სამწუხაროა, თუ „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა ვინმემ გააძლიერა ოპოზიციიდან

სალომე სამადაშვილი: ვინც ავითარებს ფაბულას, რომ ოპოზიციას შეუძლია, შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მოცემას, უბრალოდ ბრიყვია - სამწუხაროა, თუ „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა ვინმემ გააძლიერა ოპოზიციიდან

ყველა, ვინც ავითარებს ფაბულას, რომ ოპოზიციას შეუძლია, შეეწინააღმდეგოს კანდიდატის სტატუსის მოცემას, უბრალოდ ბრიყვია და არ ესმის, ევროკავშირი საერთოდ როგორ მუშაობს. ვინც ამას ამბობს, არ არის კვალიფიციური, არ ესმის და უკეთესია არ ისაუბროს ევროკავშირის თემებზე , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ოცნებამ“ თავად არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები და ახლა ეძებს, „ვისკენ გაიშვიროს ხელი“.

„ „ქართული ოცნება“ არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც ვერცერთი სტრატეგიული ამოცანა ვერ განახორციელა, მარტო რუსეთის დავალებებს ასრულებს და „ჩემი შენ გითხარიო“ - ამ პრინციპით, თვითონ ჩააგდეს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და ახლა ეძებენ, ვისკენ გაიშვირონ ხელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ დეპუტატ ხათუნა სამნიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დასავლელი პარტნიორები ოპოზიციონერი დეპუტატებისგან არაერთგვაროვან განცხადებებს ისმენენ.

„სამწუხაროა თუ „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა ვინმემ გააძლიერა საკუთარი განცხადებებით ოპოზიციიდან, მით უმეტეს ეს არ არის განცხადებები, ეს არის ჭორაობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანას დაეხმარება შესაბამის გარდაქმნაში, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრი აგხდეს.

„მე მიმაჩნია, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მიიღებს ქვეყანა, მხოლოდ გაძლიერდება ჩვენი საზოგადოები იმპულსი ს, რომ უნიკალური შანსი გვეძლევა გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და არ დავრჩეთ კიდევ მრავალი წელიწადი კანდიდატის სტატუსის ამარად, რომელსაც დამოუკიდებლად ცხადია არანაირი ღირებულება არა აქვს, თუ მოლაპარაკება არ დაიწყე გაწევრიანებაზე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, ეს მხოლოდ დაეხმარება ჩვენს ქვეყანას შესაბამის გარდაქმნაში, რაც გვჭირდება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთს საქართველოს პოლიტიკური ძალაუფლება აქვს უზურპირებული და მთავარი ამოცანა ამ რეალობის შეცვლაა.

„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს მრავალი წელია. მერე რა ხდება? - შეხედეთ ჩვენს ეკონომიკას. რუსეთის ეკონომიკის სატელიტი ვერ გახადა ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს ევროკავშირთან? ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატები ინსტრუმენტია და თუ ეს ინსტრუმენტი არ გამოიყენე, რა მნიშვნელობა აქვს, გაქვს თუ არა? ეს იგივეა, მე რომ მომცეთ გიტარა და არ ვიცოდე ან არ მინდოდეს და არ დავუკრა. ამიტომ, კანდიდატის სტატუსი თუ მოგვცეს, მადლობა უნდა ვუთხრათ ევროკავშირს, რომ არ გავიშვა ხელი, კიდევ გვაძლევს შანსს. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრათ უკრაინელ ხალხს, რადგან ომი რომ არ დაწყებულიყო, ასეთ რეალობაზე ვერ ვისაუბრებდით. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს უკვე უზურპირებული აქვს პოლიტიკური ძალაუფლება და ამ რეალობის შეცვლა უნდა იყოს ყველას მთავარი ამოცანა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა