ამერიკის დამსახურებული პენსიონერი ალან გრინსპენი

ამერიკის დამსახურებული პენსიონერი ალან გრინსპენი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

1987 წლიდან მოყოლებული 2006 წლის ბოლომდე ამერიკის ფედერალურ სარეზერვო ფონდს მეოცე საუკუნეში მის საუკეთესო თავკაცად აღიარებული ალან გრინსპენი ხელმძღვანელობდა. მის მიმართ კვლავ იმოდენა ნდობა არსებობს, რომ ამას წინათ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა განაცხადა, საგანგებო ვითარების შემთხვევაში რჩევას ალან გრინსპენს ვკითხავო.

მუსიკოსი და მათემატიკოსი

ალან გრინსპენი დაიბადა 1926 წლის 6 მარტს ბრუკლინში გერმანელი ემიგრანტების ოჯახში. მამამისი საბირჟო მაკლერი იყო, თუმცა, როცა ალანს ხუთი წელი შეუსრულდა, მისი მშობლები განქორწინდნენ, ბავშვი დედასთან ერთად ბროდვეის კუთხეში პატარა ბინაში დასახლდა. იგი მამას იშვიათად ხედავდა და მის პიროვნების ჩამოყალიბებაზე ჰერბერტ გრინსპენს ზეგავლენა თითქმის არ მოუხდენია.

ალანი მთელ დროს დედასთან, ბაბუასთან, დეიდასთან და მის შვილებთან ერთად ატარებდა, რომელთა ძირითად ინტერესს მუსიკა წარმოადგენდა. ბავშვმაც სკოლის ორკესტრში კლარნეტზე დაკვრა დაიწყო, შემდეგ კი ფორტეპიანოზე დაკვრაც ისწავლა. ამასთან, ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში ალანმა სამნიშნა რიცხვებით ანგარიში ისწავლა და ცოტა გვიან ბეისბოლის თამაშიც შეიყვარა. მოკლედ, ახალგაზრდა გრინსპენს ყველაფერი ისე იოლად გამოსდიოდა, რომ არც კი იცოდა, განსაკუთრებით რა მოსწონდა.

1943 წელს ალანმა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სკოლა დაამთავრა და კიდევ ერთი წლის განმავლობაში თავისი მომავალი პროფესიის არჩევაზე ფიქრობდა. ამ ხნის განმავლობაში იგი ჰენრი ჯერომის ორკესტრთან ერთად გასტროლებში მონაწილეობდა როგორც პროფესიონალი საქსაფონისტი და კლარნეტისტი. თუმცა, პენდანტ ალანს მუსიკოსის ცხოვრება არც ისე მოეწონა და 18 წლისამ ნიუ იორკის უნივერსიტეტთან არსებულ კომერციის სკოლაში ჩააბარა.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მუსიკა გრინსპენის მომავალს არ წაადგა. იმავე ორკესტრში უკრავდა ლეონარდ გარმეტი, რომელიც წლების შემდეგ პრეზიდენტ ნიქსონის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა და ალანს პრეზიდენტის გუნდში პირველ პოლიტიკურ სამუშაოზე პროტექცია გაუწია.

სახელმწიფო სამსახურში

1948 წელს გრინსპენმა ბაკალავრის, კიდევ ორი წლის შემდეგ კი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1952 წელს იგი მხატვარ ჯოან მიტჩელზე დაქორწინდა. თუმცა, ისინი სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ განქორწინდნენ.

1954 წელს გრინსპენმა ფასიანი ქაღალდების სპეციალისტ უილიამ ტაუსენდთან ერთად საკონსულტაციო კომპანია გახსნა და უოლ სტრიტზე ოფისი გახსნა. მათი საქმე საკმაოდ კარგად წავიდა, 1958 წელს კი ტაუსენდი გარდაიცვალა და გრინსპენი კომპანიის ძირითადი მეპატრონე და პრეზიდენტი გახდა. ამ სამუშაოზე მან არტურ ბერნსი გაიცნო, რომელიც 70-იან წლებში ფედერალურ სარეზერვო სისტემას ხელმძღვანელობდა და რომელმაც გრინსპენის ყურადღება საფინანსო სისტემის სახელმწიფო რეგულაციას მიაპყრო.

1974 წელს კი ზემოთ ხსენებულმა გარნეტმა გრინსპენი ნიქსონის ეკონომიკურ მრჩევლად მიიწვია და ამერიკის მომავალი ფინანსური გურუს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ნიქსონი სულ რაღაც ერთ თვეში გადადგა, მაგრამ გრინსპენი თავის თანამდებობაზე მომავალი პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის მოღვაწეობის პერიოდშიც დარჩა, სანამ პრეზიდენტმა კარტერმა 1977 წელს არ გადააყენა. ალანმა ამ ერთგვარი ტაიმ-აუტით ისარგებლა და კოლუმბიის უნივერსიტეტში სახელმწიფოს ფინანსური მექანიზმების პრაქტიკაში კიდევ ერთი მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

სახელმწიფო სამსახურიდან მოკვეთა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1981 წელს გრინსპენმა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში სოციალური დაზღვევის სისტემის რეფორმის კომისია ჩაიბარა. ამის შემდეგ იმავე რეიგანის პერიოდში რამდენიმე პოსტი გამოიცვალა. მათ შორის, იყო დაზვერვის საკონსულტაციო საბჭოს და საფინანსო ინსტიტუტების რეგულირების კომისიის თავკაცი.

ფედერალურ სარეზერვო ფონდში

ამერიკის საფინანსო სისტემის მთავარი მარეგულირებლის პოსტზე გრინსპენი 1987 წელს აღზევდა, როცა მაშინდელი თავკაცი პოლ ვოლკერი მოულოდნელად გადადგა. მისი მემკვიდრეობა რონალდ რეიგანმა გრინსპენს შესთავაზა, რომელიც მაშინ უკვე 61 წლის გახლდათ. მაგრამ იგი დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის გაძღოლას შეძლებდა. ეს სწორედ ის შანსი იყო, რომლისთვისაც გრინსპენი მთელი ცხოვრება იღწვოდა და დისერტაციებს იცავდა.

ფედერალური სარეზერვო ფონდის თავკაცს ვინმეს კონსულტირების უფლება არ ჰქონდა და ამიტომ ალანმა თავისი კონსალტინგური კომპანია, რომელშიც მთელი ცხოვრება მუშაობდა, დახურა. გარდა ამისა, არ შეეძლო რომელიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოში ყოფილიყო და ალუმინის კორპორაცია Alcoa-ში, ბანკ J.P.Morgan-ში, ნავთობკომპანია Mobil-ში და კვების პროდუქტების მწარმოებელ გიგანტ General Foods-ში ერთობ შემოსავლიანი პოსტები დატოვა.

ცოტა ხანში ამერიკელებს ვერ წარმოედგინათ, როგორ უნდა ეცხოვრათ გრინსპენის გარეშე. თავიდანვე მან მიზნად ინფლაციის მკაცრი კონტროლი დაისახა, თუმცა, ამასთან, საკმაოდ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მომხრედ რჩებოდა. როგორც წესი, საჯაროდ იშვიათად და მოკლედ გამოდიოდა, მაგრამ მისი ყველა სიტყვა მიზანს აღწევდა.

დანიშვნისთანავე ალანი ამერიკის „შავ პარასკევს“ შეეჩეხა, როცა 1987 წლის 19 ოქტომბერს Dow Jones Index ერთბაშად 508 პუნქტით დაეცა. გრინსპენმა მაშინ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა, რომლებიც შეუცდომლად აღიარეს. იგი ლამის ღვთაებად შერაცხეს და „მეოცე საუკუნეში ფედერალური სარეზერვო ფონდის საუკეთესო თავკაცი“ უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ გამჭრიახი გრინსპენი თავის დიდ ავტორიტეტს ქვეყნის ეკონომიკის საკეთილდღეოდ ერთობ ჭკვიანურად იყენებდა. 1990 წელს მან კუთვნილი აქციები გაყიდა და სახელმწიფო ობლიგაციები შეიძინა, რამაც ამ უკანასკნელის კურსი გაზარდა. 1996 წელს ქვეყნის ეკონომიკის გადაწვა თავიდან მხოლოდ იმით აიცილა, რომ განაცხადა, ჩემი აზრით, აქციები არცთუ ისე გაზრდილაო. 1998 წელს გრინსპენმა ყოჩაღად მოახერხა აშშ-ს ეკონომიკაზე ლათინური ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და რუსეთის ფინანსური კრიზისი და ძირითადი საპროცენტო განაკვეთი სამჯერ შეამცირა.

გრინსპენის მოღვაწეობის შედეგად, გასული საუკუნის ბოლოს აშშ-ში უმუშევრობა ოცწლიან მინიმუმამდე - 4 პროცენტამდე, ინფლაცია კი 1,5 პროცენტამდე დაეცა, რაც, თავის მხრივ, 11 წლიანი მინიმუმი იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ გრინსპენი ფედერალურ სარეზერვო ფონდს ოთხი პრეზიდენტის, რესპუბლიკელების თუ დემოკრატების მმართველობისას უცვლელად განაგებდა. 

გრინსპენი მეორედ 1997 წელს, დიდების ზენიტში მყოფი, 71 წლის ასაკში დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული NBC-ის საერთაშორისო მიმომხილველი ანდრეა მიტჩელი გახლდათ, რომელსაც იქამდე 12 წლის განმავლობაში ხვდებოდა. პენსიაზე კი ალანი გასული წლის ბოლოს, 79 წლის ასაკში გავიდა. ამჟამად მისტერ და მისის გრინსპენები ვაშინგტონის გარეუბანში ცხოვრობენ. ალანი მეუღლესთან ერთად ხშირად დადის თეატრში და ერთობ სოლიდური ასაკის მიუხედავად ჩოგბურთს თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ გრინსპენის გადადგომისთანავე ამერიკის ეკონომიკას გარკვეული პრობლემები შეექმნა. მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას აშკარად არცთუ კარგი დროება უდგას და ამერიკელები სულ უფრო ხშირად ერთობ დანანებით იხსენებენ მეოცე საუკუნეში ფედერალური სარეზერვო ფონდის საუკეთესო თავკაცს.