თბილისის აეროპორტის საფრენი ბილიკი საგანგაშო მდგომარეობაშია

თბილისის აეროპორტის საფრენი ბილიკი საგანგაშო მდგომარეობაშია

ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი საგანგაშო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამიტომ იგი გარკვეულ რეისებზე შეზღუდვების დაწესებას ან აეროპორტის დროებით დახურვას ითხოვს.  

ამის საპასუხოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და მისი მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს, რაშიც მათთან ერთად, „ტავ ურბან ჯორჯიას“ წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი. კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კვირაობით რამდენიმე საათის განმავლობაში სპეციალურად იკეტება აეროპორტი და მიმდინარეობს პრობლემების აღმოსაფხვრელი ინტენსიური სამუშაოები.

ამასთან, გურამ ჯალაღონია ირწმუნება, რომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არ არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ის ვარგისია საფრენად. თუმცა ეს არც ნიშნავს, რომ ზოლი იდეალურია. ამიტომაც მიმდინარეობს მეორე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც გაცილებით უკეთესი იქნება.

„აეროპორტის საფრენი ზოლის მდგომარეობის შესახებ საშინელი ფოტოსურათები გაავრცელეს, ხალხი რომ დაინახავს, იფიქრებს, თუ აქედან ფრენს თვითმფრინავი, მართლაც კატასტროფა ყოფილა. თუმცა ეს გამოუყენებელი, დახურული ზონები და სარეაბილიტაციოდ გამზადებული ტერიტორიებია და იქიდან ფრენები არ ხორციელდება. სულ მცირე, 18 თვე მაინც სჭირდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენებას. ამიტომ, რომ დავკეტოთ ეს ძველი ასაფრენი ზოლი, რასაც გვთავაზობს „აირზენა“, მაშინ რას ვაპირებთ? თბილისში სხვა ალტერნატივა გვაქვს?“ - კითხულობს გურამ ჯალაღონია.

მისივე თქმით, თუ მართლაც ასე თვლის „აირზენა“, რომ თბილისის აეროპორტიდან აფრენა და დაფრენა საფრთხის შემცველია და კატასტროფაა მოსალოდნელი, მაშინ რატომ ფრენს თავად? ალტერნატიული გზით რატომ არ დაფრინავს, თუნდაც ბათუმიდან ან ქუთაისიდან.

უფრო მეტიც, ჯალაღონია აცხადებს, რომ მსოფლოს 24 ქვეყნის კომპანია დაფრინავს ამ ასაფრენი ბილიკით და არცერთ მათგანს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მათ შორის, „ლუფტჰანზა“, „ყატარის ავიახაზები“. გარდა ამისა, ახალი კომპანია შემოდის საქართველოში - „ატლას ჯეტი“-ს სახით, რომელმაც სულ ახლახანს ჩაატარა მონიტორინგი და მისთვის სავსებით მისაღები აღმოჩნდა ეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

„რაიმე რისკის შემცველი რომ იყოს, 24 ქვეყნის კომპანია იფრენდა? „აირზენა“ აცხადებს, რომ უნდა აიკრძალოს 150 ტონაზე მეტი მაღალტვირთამწეობის თვითმფრინავების დაშვება. არადა, ეს სისულელეა. შეიძლება, ტონაჟით დიდი იყოს თვითმფრინავი, მაგრამ უფრო ნაკლები დაწოლა ჰქონდეს, ვიდრე მცრე წონის მქონე თვითმფრინავს. ახლა იასე ზაუტაშვილი გამოდის და რაღაცებს ლაპარაკობს, ის ფინანსისტია და შორს არის ამ პროფესიისგან. თუ ჩვენი არ სჯერათ, სპეციალისტები, აუდიტი მოიწვიონ და დაგვიდონ დასკვნა, რომ საფრენი ზოლი არ ვარგა. ამით ხალხის შეცდომაში შეყვანა სურთ, ხელოვნურად ქმნიან პანიკას და ეს მწყინს“, - გვითხრა გურამ ჯალაღონიამ.

ჩვენ დავუკავშირდით ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალურ დირექტორს იასე ზაუტაშვილსაც. მან გვითხრა, რომ მგზავრების უსაფრთხოება უმთავრესია და, შესაძლოა, თბილისის აეროპორტში უბედური შემთხვევა მოხდეს. უფრო მეტიც, ფოტოსურათები, რომლებიც ნახა საზოგადოებამ, არ არის სამოყვარულო კამერით გადაღებული და ავიაკომპანია „აირზენას“ გააჩნია შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომელიც ცხადყოფს ჩვენს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე შექმნილ მდგომარეობას. ალბათ, ამას უახლოეს მომავალში მოჰყვება საერთაშორისო დონის ექსპერტთა დასკვნაც.

იასე ზაუტაშვილს უკვირს, რატომ გამოიწვია მისმა ნათქვამმა ამხელა აჟიოტაჟი, მაშინ, როცა მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა უშუალოდ ავიაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა.

„აუცილებელია, ამ ეტაპზე მაინც დაწესდეს შეზღუდვები მაღალი ტვირთამწეობის თვითმფრინავების დაშვებისას. არ მესმის, რას ნიშნავს, რომ თურმე მაღალი ტვირთამწეობის თვითმფრინავს შეუძლია, მსუბუქი ტვირთამწეობის სიმძლავრის დაშვება განახოციელოს. როგორ შეიძლება, 500-ტონიანი თვითმფრინავი დაჯდეს 150-ტონიანი თვითმფრინავის სიმძლავრით, ეს შეუძლებელია, ელემენტარული სიმძიმის კანონიდან გამომდინარე“, - აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ თვით „ტავ-ჯორჯიაც“ არ უარყოფს იმას, რომ დღესდღეობით აეროპორტის ასაფრენი ბილიკი არ არის შესაბამის მდგომარეობაში. საუბარია მოქმედ და არა - სათადარიგო ან მეორე ტიპის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე არსებულ ხარვეზებზე. ასფალტი დროთა განმავლობაში სიცივისა და სიცხის გამო ვარდება, იშლება და კენჭები და ქვა-ღორღი უშუალოდ თვითმფრინავების ძრავებში შედის, რაც მათ აზიანებს.

ზაუტაშვილის თქმით, ნებისმიერი დილეტანტი მგზავრიც კი დაადასტურებს, რომ თბილისის აეროპორტში დაჯდომის დროს აბსოლუტურად სხვა ემოცია ეუფლებათ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის აეროპორტებში დაშვებისას, რადგან, რაც არ უნდა პროფესიონალურად დასვას პილოტმა თვითმფრინავი, ვიბრაცია, ჯანჯღარი და ბილიკის გაუმართაობა თვითმფრინავების მდგომარეობაზე მაინც აისახება.

„პირადად ჩვენ, ავიაკომპანია „აირზენას“ არ გვაწყობს იმ ბილიკის გაუმართაობაზე საუბარი, რომელზეც თვითონ გვიწევს ფრენა. ეს არც კომერციულად და არც არანაირად მომგებიანი არ არის, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში ორჯერაც დავფრინავთ ამ ბილიკის მეშვეობით და ვხედავთ, რომ რისკ-ფაქტორები ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ პრევენციულად მოვუწოდებთ, დროულად გადაწყვიტონ პრობლემა. შეიძლება, შედეგები შეუქცევადი გახდეს, რადგან ჩვენს აეროპორტში, ზუსტად ამ ბილიკზე ჯდება ძალიან დიდი ტვირთამწეობის სატვირთო თვითფრინავები, რომელთა თითოეული დაჯდომაც სარისკოა. კი ბატონო, ჩამოიყვანონ საერთაშორისო ექსპერტები, დაიდოს ოფიციალური დასკვნა და მას ვენდობით. რატომ უნდა მოვატყუოთ ხალხი, თითქოს ყველაფერი კარგად არის?!“ - აღნიშნა „აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა.  

იასე ზაუტაშვილს აინტერესებს, რატომ უჭირთ ჟურნალისტებს აღნიშნულ ასაფრენ ბილიკზე შეღწევა და მისი დათვალიერება?! რატომ არ უშვებენ კამერით ამ ზოლზე და არ აჩვენებენ მოცვეთილ და ამოვარდნილ ფილებს?!

აღსანიშნავია, რომ თბილისის აეროდრომის მოქმედი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 1995 წელს. ფრენების ინტენსივობის ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგას ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობის საკითხი.