„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა სანაკრებო შეკრებაზე ინტერვიუ ადგილობრივ მედიას მისცა და ძალიან გულღიად ისაუბრა.
ოსიმენმა თქვა, რომ მისთვის პოპულარობა არაფერს ნიშნავს და ის ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ბავშვობაში.
„დედაჩემი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მამა - 2020 წელს. თუმცა, ვიცი, რომ ისინი ჩემით ამაყობენ. პირველი, რაც ფეხბურთში გამომუშავებული ფულით ვიყიდე, იყო სახლი მამაჩემისთვის და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი წარმატება. ჩემი ოჯახის სახელის ზურგით ტარება ადვილი არ არის. ბევრი ადამიანია, ვინც ჩემზე ცუდად საუბრობს, რადგან ცხოვრებას ფული ურჩევნიათ. იგივე ვნებით ვთამაშობ, როგორც ბავშვობაში, ყოველთვის ასეთი მენტალიტეტით ვაკეთებ ყველაფერს.
ღმერთს არ უყვარს ზარმაცი და სასწაულის მომლოდინე ადამიანები. ყოველთვის უნდა იშრომო, რადგან ღმერთი მხოლოდ ამ გზით აჯილდოებს შენს ძალისხმევას. ყველაფერს მივაღწიე, რაც მიზნად მქონდა დასახული და იმის გათვალისწინებით, საიდანაც მოვდივარ, არ შემიძლია, თავი ლეგენდად არ ვიგრძნო. არა ტიტულებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ვახერხებ საკუთარი თავის, ოჯახის და ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანების მხარდაჭერას. ვფიქრობ, ეს ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
„ნაპოლი“? ხალხი მეუბნებოდა, რომ იტალიაში 4 გოლსაც ვერ გავიტანდი, რადგან ძალიან ფიზიკური ჩემპიონატია. თუმცა, მე მათ ყოველთვის ვპასუხობდი: „იცით ჩემი უნარები?“ როდესაც ასეთ რამეს მეუბნებიან, მინდა, მივიღო ეს გამოწვევა და ყველას ვაჩვენო, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ახლა ისინი იმალებიან.
მარადონა? ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ვერაფერს გააკეთებს ფეხბურთელი იმისთვის, რომ ნეაპოლში მარადონას შეედაროს. ყველაზე ძვირი რამ რაც ვიყიდე? მე ვარ ბიზნესმენი, რადგან ფეხბურთი დროებითია, როცა კარიერას დავასრულებ, სხვა რამის გაკეთება მომიწევს.
პოპულარობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. არ არის ადვილი სიყვარულის გაცემა სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასე რომ, როდესაც ადამიანები ჩემთან მოდიან და სიყვარულს მაჩვენებენ, ეს ჩემთვის პრივილეგიაა. ცხოვრებაში თავმდაბალი უნდა იყო. ბავშვობაში, როდესაც ქუჩაში ვთამაშობდი, მხოლოდ წარმოდგენა შემეძლო, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი. ჩემი ოჯახის მდგომარეობა მძიმე იყო, ამიტომ, ქუჩაში გაზეთებს და წყალს ვყიდდი, რომ ოჯახს როგორმე დავხმარებოდი. ხანდახან სახლში ელექტროენერგიაც არ გვქონდა. ლაგოსში მყავდა მეგობარი, რომელიც საჭმელს მაძლევდა, რომ მშიერი არ ვყოფილიყავი”, - თქვა ოსიმენმა.