3-5-2 და კვარაცხელია: როგორ მოერგება

3-5-2 და კვარაცხელია: როგორ მოერგება "ნაპოლი" კონტეს იდეებს

იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით ანტონიო კონტე იქნება. ამრიგად, მოლოდინია, თუ როგორ ითამაშებს მის ხელში იტალიის მოქმედი ჩემპიონი.

ანტონიო კონტე ყველაზე აქტიურად 3-5-2 ტაქტიკურ სქემას იყენებს და ამ შემთხვევაში ცენტრალური მცველები ჟუან ჟეზუში, ლეო ოსტიგორი და ამირ რაჰმანი იქნებიან, ფლანგებს ჯოვანი დი ლორენცო და მატიას ოლივერა გააკონტროლებენ, ცენტრში ზამბო ანგისა, სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟიელინსკი იმოქმედებენ. კონტე ასევე ხშირად იყენებს 3-4-2-1 სქემას, ამ შემთხვევაში ჟიელინსკი თავდამსხმელის (ვიქტორ ოსიმენი) უკან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იმოქმედებს.

Goal Italia ხვიჩას თემას ცალკე ეხება. ცნობილი გამოცემა წერს, რა ფუნქცია ექნება კვარას ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით:

„ქართველის პოზიცია მოედანზე უფრო შემტევი გახდება. აღარ ითამაშებს შემტევ სამეულში მარცხენა გარემარბად, არამედ ცენტრში ვიქტორ ოსიმენთან წყვილში თავდამსხმელის პოზიციაზე. კვარაცხელია კონტესთან თავდამსხმელის როლში ითამაშებს, პოზიციაზე, სადაც თამაშის თვისებები მან უკვე აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი უნარი თანაგუნდელების პასებით მომარაგებაა“, - წერს გამოცემა.

გარდა ამისა, არის 3-4-3 სქემის ვარიანტიც, რა შემთხვევაშიც კონტეს ერთ ცენტრალურ ნახევარმცველზე უარის თქმა მოუწევს (ლობოტკა, ჟიელინსკი ან ანგისა) - ერთ-ერთს მოუწევს თადარიგში გადანაცვლებად. ყველაზე რეალურ გზად ამ ეტაპზე მაინც 3-5-2 სქემა მოსჩანს „აძურის“ ფეხბურთელების თვისებებიდან გამომდინარე.

ყურადღება უნდა მიექცეს 4-მცველიან სქემასაც. კონტე 4 მცველით კარიერის საწყის ეტაპზე თამაშობდა, „ბარიში“, „ატალანტასა“ და „იუვენტუსში“. მან 3-მცველიანი ტაქტიკა პირველად სწორედ ტურინულ გრანდში მუშაობისას გამოიყენა.

ჯერჯერობით, „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ისევ რუდი გარსია რჩება, მაგრამ იტალიური მედია წერს, რომ მისი გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია. მთავარი კანდიდატი აურელიო დე ლაურენტისისთვის სწორედ ანტონიო კონტეა, B ვარიანტი კი - იგორ ტუდორია.