დი ლორენცო:

დი ლორენცო: "საკმარისია გარსიას წინააღმდეგ ფეხბურთელების რეაქციები, პატივისცემა საჭიროა"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ მატეო პოლიტანოს რეაქციაზე ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, ამჯერად პოლიტანომ გამოხატა ღიად უკმაყოფილება რუდი გარსიას მიმართ, როდესაც ის მოედნიდან გაიყვანა. გუნდის კაპიტანმა კი პირდაპირ თქვა, რომ ასეთი რეაქცია ფეხბურთელებმა აღარ უნდა გამოავლინონ.

„აუცილებლად უნდა ავირიდოთ გარკვეული ტიპის დამოკიდებულებები. ახლა ხმაური მეტია, რადგან შედეგები არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ის, რაც ნამდვილად არ უნდა გავაკეთოთ. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც შეცვლაზე შემოდის და გარსიას არჩევანს, თუმცა ეს არის საკითხი, რაც გასახდელში გვარდება. ცხელ გულზე შეიძლება იყოს რეაქცია, მაგრამ ამ მომენტში ეს ძალიან ხშირად ხდება და ეს კარგი არ არის“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა და ყველა საკუთარ მოედანზე - „ლაციოსთან“, „რეალსა“ და „ფიორენტინასთან“. „აძური“ 8 ტურის შემდეგ სერია A-ში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.