ისრაელში ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმას გამოქცეული გოგო სახლში დაბრუნდა, შვილის გადასარჩენად წასულ მამას კი ამ დრომდე ეძებენ

ისრაელში ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმას გამოქცეული გოგო სახლში დაბრუნდა, შვილის გადასარჩენად წასულ მამას კი ამ დრომდე ეძებენ

ისრაელში ეძებენ კაცს, რომელიც ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს შვილის გადასარჩენად წავიდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მარკ პერეტცის ქალიშვილი მაია მუსიკალურ ფესტივალ Nova Festival-ზე იმყოფებოდა, როდესაც იქ „ჰამასის“ ტერორისტები შეიჭრნენ. კაცი შვილს ტელეფონით ესაუბრებოდა, როდესაც სროლისა და ყვირილის ხმა გაიგონა.

„როდესაც გავიგეთ, რომ „ჰამასმა“ საზღვარი გადმოკვეთა, მამაჩემი მიხვდა, რომ ჩემს დას მალე მოიტაცებდნენ, ამიტომ მანქანაში ჩაჯდა და ფესტივალისკენ წავიდა“, - განაცხადა პერეტცის ვაჟმა გილადმა.

მისივე თქმით, მამამ ფესტივალის ლოკაციას ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მიაღწია.

„როდესაც დამირეკა სროლის ხმა გავიგონე და მამამ თქვა „არ ესროლოთ მათ“, - ამბობს გილადი და აღნიშნავს, რომ მამასთან კონტაქტი მალევე დაკარგა. კაცი ვარაუდობს, რომ მამამისი გაიტაცეს ან მოკლეს.

მაიამ კი „ჰამასის“ მებრძოლებისგან გაქცევა შეძლო. ის ბუჩქებსა და ნაგვის ურნებში იმალებოდა, შემდეგ კი თავი პოლიციის განყოფილებაში შეაფარა და სახლში უვნებელი დაბრუნდა.

„მამაჩემი მებრძოლია. მეოჯახეა და უბრალოდ თავისი ქალიშვილის გადარჩენას ცდილობდა. ცხოვრება გრძელდება. იმედი მაქვს. ყველას გვენატრება მამა“, - ამბობს გილადი.

ფესტივალის ჩატარების ადგილას სამაშველო სამსახურის მოხალისეებმა 260 ცხედარი აღმოაჩინეს. სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ „ჰამასის“ მებრძოლები ფესტივალის მაყურებლებს იტაცებენ.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.