„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გუნდში ე.წ. ბრძენკაცთა საბჭო შექმნა, როგორც თავად უწოდა.
ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამ მეთოდს ყველა გუნდში მიმართავდა, სადაც უმუშავია. იტალიური მედიის ცნობით, გარსიას ჩამოყალიბებულ საბჭოში პიოტრ ჟიელინსკი, ალექს მერეტი, მარიო რუი, ამირ რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ჯოვანი დი ლორენცო შედიან.
როგორც ხედავთ, სიაში არ არიან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ ამის მიზეზი მარტივია - ფეხბურთელების ასაკი და „ნაპოლიში“ თამაშის გამოცდილების ნაკლებობა.
ცხადია, ეს საბჭო ფორმალურია, მაგრამ როგორც ჩანს, გარსიას რთულ სიტუაციებში გასახდელში უფრო მეტად გამოცდილი ფეხბურთელების იმედი აქვს.