ლევან კუტალია ნაკრებში გამოუძახებლობაზე:

ლევან კუტალია ნაკრებში გამოუძახებლობაზე: "რატომ არ შეიძლება ერთხელ მაინც გამომიძახონ?"

ლევან კუტალია სანაკრებო სიას გამოეხმაურა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებში ისევ არ გამოიძახეს. მას აინტერესებს, იცის თუ არა, მისი არსებობის შესახებ ვილი სანიოლმა.

„მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას - ისევ გულდაწყვეტილი ვარ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები, ვთამაშობ, გამაქვს გოლები სხვადასხვა ჩემპიონატებში რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას, მაგრამ უშედეგოდ. კვლავ უყურადღებობა, იგნორირება. რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? იმისთვის, რომ ერთხელ მაინც, შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა.

ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო, მაგრამ ისევ იგნორი. დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემს მიმართ, რასაც აკეთებენ. არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა. ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცებს აკვირდება, თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ? ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემს შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა - რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა??!! P.S მინდა წარმატებები ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ლევან კუტალია მიმდინარე სეზონში 10 გოლით სომხეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.