დედაქალაქის ზოგიერთ უბნებში დიდგაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გაურკვევლობა მოჰყვა. ისინი მერიის პოზიციას იზიარებენ, მაგრამ არ ეთანხმებიან და განხილვებში ჩართვას ითხოვენ. ფაქტია, რომ მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესები ამ შემთხვევაში ერთმანეთს არ დაემთხვევა.
როგორც ქალაქის მერმა კახი კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საცობებს ქმნის, როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო მანქანები. ამიტომ ბიზნესსექტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, პიკის საათებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდოს.
„თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათების შუალედში. ამასთან, მანქანების მოძრაობა აიკრძალება არა მთელი ქალაქის მასშტაბით, არამედ მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მოხდება ორგანიზება, რომელმა სექტორმა რომელ საათში უნდა იმოძრაოს, რომ ყველამ ერთად არ მოიყაროს თავი.
ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, ასევე აგვისტოში. ეს თვე იქნება გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, გამონაკლისი შესაძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რეგულაცია არ შეეხება საგამონაკლისო შემთხვევებს, რაც აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან არის დაკავშირებული.
„გამონაკლისი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი; არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის/ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ. აღნიშნულ ავტომანქანებზე, გადაადგილების შეზღუდვა არ გავრცელდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს ეს რეგულაცია, სამშენებლო სექტორია. მას უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნისა და დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ მათთანაც გვაქვს კომუნიკაცია. ჯერჯერობით შეთანხმება არ მიღწეულა. ყველას ინტერესს ვითვალისწინებთ, მაგრამ უმთავრესი არის ქალაქის ინტერესი, რომ საცობებისგან განტვირთული ქუჩები გვქონდეს. სამშენებლო სექტორთან შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სამშენებლო ბიზნესის ნაწილი ფიქრობს, რომ შეზღუდვების გამო გადაწყობა მოუწევს, ხოლო ნაწილი კი აცხადებს, რომ გადატვირთული ტრაფიკის გამო მასალების მიწოდებას სამშენებლო მოედნებზე ისედაც ღამის საათებში ახდენს.
როგორც სამშენებლო კომპანია „ინსის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ განაცხადა, ახალი რეგულაციის შესახებ ბიზნეს ასოციაციაში მსჯელობა შედგა და ქალაქში გადატვირთული მოძრაობის განსატვირთავად ბიზნესს გარკვეული გადაწყობა მოუწევს.
„ვიცი, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა. ერთი შეხედვით ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, რაღაცა ტიპის პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ მეორე მხარესაც პრობლემებია. სამშენებლო მასალების მიწოდება შესაძლოა, ნებისმიერ დროს განხორციელდეს, ამისათვის ბიზნესს გადანაწილება მოუწევს.
გამოდის, რომ მიწოდება შუადღეს ან დილით ადრე იქნება შესაძლებელი. გარკვეული გრაფიკის დაწესება მოგვიწევს, მაგრამ ამ დროისათვის არ მაქვს გაანალიზებული ახალი რეგულაცია ხარჯებს გაგვიზრდის თუ რაღაც პრობლემებს შეგვიქმნის თუ არ შეგვიქმნის. დისკომფორტი არის, მაგრამ საცობებიდან გამომდინარე საზოგადოებას უფრო მეტი დისკომფორტი აქვს“, - განაცხადა ზვიად თოიძემ.
დიდი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებს, თუმცა იმ დათქმით, რომ მათ მარშრუტის შეთანხმება მერიასთან წინასწარ მოუწევთ.
ტურისტული კომპანია „ტურებისა და ბილეთების“ დამფუძნებელი ადასტურებს, რომ თბილისის რეგულარულ მარშრუტზე მათი ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ რთულია შეათანხმო მარშრუტი, რომელიც ქალაქგარეთ სრულდება. გერმანე ჭელიძე გამოწვევას ხედავს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის შემთხვევებშიც.
„ჩვენს კომპანიას ორი განსხვავებული მიმართულება აქვს. M3 ტიპის ორსართულიანი წითელი ავტობუსით მარშრუტი, რომელიც ქალაქში ცენტრალურ უბნებში მოძრაობს და ამის მარშრუტი შეგვიძლია შევათანხმოთ, რადგან ტრანსპორტი წლიურად მოძრაობს, მაგრამ მეორე გვაქვს მიმართულება, რომელიც გადის ქალაქგარეთ მაგალითად, ვარძიაში, კახეთში, ყაზბეგში. ამასაც ემსახურება M3 ტრანსპორტი. გამოდის ყოველ დღე უნდა შევათანხმოთ, რომელი ტრანსპორტი სად გადის, რომელი მიმართულებით, მანქანის სერია. არავინ გამოსულა მერიიდან ჩვენთან კონტაქტზე, ამიტომ შეიძლება მარტივად არის საქმე და ჩვენ ვართულებთ, მაგრამ ფაქტია არ გვაქვს ინფორმაცია.
ჩვენ ასევე ჩამოგვყავს ტურისტული ჯგუფები. აეროპორტში მიდის ტრანსპორტი და ხვდება დიდ ჯგუფებს. თუ არ იქნება ამ ტრანსპორტით მოძრაობის საშუალება, მაშინ სასტუმროც დაიჩაგრება, თუ ჩვენ დროულად არ მივიყვანთ ამ ხალხს ადგილზე.
პირველ რიგში კომუნიკაციაა საჭირო. უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ რაზეა საუბარი“ - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ჭელიძემ.
ან აქამდე რას უყურებდით?? .......რამდენიმე დღის წინ ტრაილერმა კინაღამ მიმაჭყლიტა