ჟან-კლოდ იუნკერი: კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის. ტანჯვაში ჩაფლულ უკრაინელ ხალხს ცრუ დაპირებები არ უნდა მივცეთ

ჟან-კლოდ იუნკერი: კორუმპირებული უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის. ტანჯვაში ჩაფლულ უკრაინელ ხალხს ცრუ დაპირებები არ უნდა მივცეთ

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ არ შეესაბამება ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმებს. ამის შესახებ მან Augsburger Allgemeine-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ტანჯვაში ჩაფლულ უკრაინელ ხალხს ცრუ დაპირებების არ უნდა მივცეთ. ძალიან გაბრაზებული ვარ ევროპაში აჟღერებული ხმების გამო, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ უკრაინელები, რომ მათ დაუყოვნებლივ შეუძლიათ ევროკავშირის წევრები გახდნენ. ეს არც ევროკავშირისთვის იქნებოდა კარგი და არც უკრაინისთვის“, - განაცხადა იუნკერმა.

მისივე თქმით, ნებისმიერმა, ვისაც რაიმე შეხება აქვს უკრაინასთან, იცის რომ „ეს არის ქვეყანა, რომელიც კორუმპირებულია საზოგადოების ყველა დონეზე“.

„ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინა არ არის მზად გაწევრიანებისთვის, მას მასშტაბური შიდა რეფორმები სჭირდება. უკვე გვქონდა ცუდი გამოცდილება ზოგიერთ ე.წ. ახალ წევრთან, მაგალითად, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ეს აღარ უნდა განმეორდეს“, - აღნიშნა იუნკერმა.

ამასთან, მისი თქმით, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ „არ უნდა იყოს დაკავშირებული იმის იმედთან, რომ ამის მიღწევა ერთ ღამეში, მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი“.