მცველი დავიდ ალაბა, ტრავმის გამო მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩზე ნეაპოლში არ გაფრინდება - წერს Marca.
წყაროს ცნობით, გუშინ „სამეფო კლუბმა“ ევროთასების მატჩისთვის შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც 31 წლის ავსტრიელი არ მოხვდა.
მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, „კასტილიიდან“ 21 წლის მცველი, ალვარო კარილო გამოიძახა. ის „ჟირონასთან“ მატჩისთვის განახადში იყო და გუნდთან ერთად ნეაპოლშიც გაემგზავრება.
ამჟამად „რეალს" დაშავებული ჰყავს მეკარე ტიბო კურტუა და ედერ მილიტაო. ასევე ტრავმის რეციდივი განიცადა ახალწვეულმა არდა გულერმაც, რომელიც სამი თვე ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ალაბამ ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ, „რეალი“ სამი ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზეა. ცხრილს „ნაპოლი“ ლიდერობს (სამი ქულა).