ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის არა მარტო გრძელდება, არამედ მისი მოცულობაც იზრდება

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის არა მარტო გრძელდება, არამედ მისი მოცულობაც იზრდება

ევროკავშირი, უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს. ამის შესახებ კიევში ვიზიტისას ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უკრაინის დედაქალაქში კვირას, დღის მეორე ნახევარში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდა. მათ ერთად მიაგეს პატივი ომში დაღუპულ უკრაინის დამცველთა ხსოვნას.

მოგვიანებით კი ბორელი უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა და ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილა. მანამდე ის ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარი დაათვალიერა.

„ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის არა მარტო გრძელდება, არამედ მისი მოცულობაც იზრდება. ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - უკრაინას მეტი შესაძლებლობა, თან უფრო სწრაფად სჭირდება. ჩვენი მხარდაჭერა არ არის კონიუნქტურული, ეს არის სისტემატური, სტრუქტურირებული დახმარება, რადგანაც ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით და მისი დროულად მოგვარებაა საჭირო. უკრაინელები იბრძვიან მთელი თავისი სიმამაცით და საშუალებებით, ჩვენი სურვილია მათ წარმატებას მიაღწიონ. ამიტომ ვალდებული ვართ მათ უფრო მეტი და უკეთესი იარაღი მივაწოდოთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.