რატომ აპირებს ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას? - პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ მის გადაწყვეტილებაზე "კურიერთან" ისაუბრა. მელია გამორიცხავს სხვა არსებულ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას, ან გაერთიანებას. ასევე, საუბრობს "ნაციონალურ მოძრაობის" რეალურ მმართველებთან არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებებზე.
"ის, რაც პარტიაში მოხდა და ხდება არ არის მცირე ამბავი, პირიქით, გამოწვეულია ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით. შედეგად მიღებულია მძიმე, ღრმა ჭრილობა, რომელიც არ არის შეხორცებული და შეიძლება არც არის შეხორცებადი. ლოგიკურ დასასრულამდე ეს პროცესი უნდა მივიდეს და ჩვენ, უმრავლესობა რასაც ვაკვირდებით ამ თვეების განმავლობაში ვფიქრობთ, რომ ღია მსჯელობა უნდა გაიხსნას, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც დღეს არიან მენეჯმენტში. მე და არც ჩვენი მეგობრები გაუთავებლად არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე საუბარს. ეს გასაგებია, მთელმა ქვეყანამ იცის, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" რეალური მართვა ამ ადამიანების ხელშია, ამიტომ აქედანაც არის გამომდინარე ეს უდიდესი კონტრასტული სხვაობა.
ჩვენ გამოვრიცხავთ რომელიმე, სხვა არსებულ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას ან გაერთიანებას. ბუნებრივია, ეს აზრადაც არავის არ მოსვლია," - განაცხადა ნიკა მელიამ.
პოლიტიკური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების თაობაზე 7 ოქტომბერს თანაგუნდელებთან ერთად დაგეგმილ შეკრებაზე მიიღებს. ნიკა მელიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნაზე განსხვავებული დამოკიდებულებაა ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ არც ცალკე და არც რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით, მელიას გუნდს არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს.