„ნაპოლის“ და ვიქტორ ოსიმენს შორის, როგორც ჩანს, სიტუაცია საბოლოოდ დაიძაბა. ფეხბურთელის აგენტის განცხადების შემდეგ, რაც იტალიური კლუბის TikTok-ში ნიგერიელის დამცინავი ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა, ვიქტორი კლუბისგან ოფიციალური წერილით ბოდიშის მოხდას ელოდება.
როგორც იტალიური მედია წერს, ოსიმენი მოითხოვს, რომ კლუბმა მას საჯაროდ მოუბოდიშოს. თუმცა, მანამდე ოსიმენმა ინსტაგრამის პირად გვერდზე „ნაპოლის“ მაისურით გამოქვეყნებული პრაქტიკულად ყველა ფოტო წაშალა. მათ შორის, გვერდზე აღარ იძებნება სკუდეტოს ზეიმის ამსახველი ფოტოებიც. მხოლოდ მიმდინარე სეზონის პირველ ტურში, „ფროზინონესთან“ გადაღებული ფოტო არ წაუშლია.
იტალიურ მედიაში წერენ, რომ ოსიმენის ეს ნაბიჯი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. არც იმას გამორიცხავენ, რომ დღეს „უდინეზეს“ წინააღმდეგ ოსიმენმა არ ითამაშოს.
არსებობს ვერსიაც, რომ ნიგერიელის აგენტს კლუბთან დაძაბულობის მოწყობა სურს, რათა ფეხბურთელის სხვა კლუბში ტრანსფერისთვის ნიადაგი უფრო მეტად მოამზადოს.