შალვა პაპუაშვილი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ისტორიულ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ამ რთულ სივრცეში სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ

შალვა პაპუაშვილი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ისტორიულ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ამ რთულ სივრცეში სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ

ჩვენმა პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა და სიღრმე შეიძინა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და აგრესიული ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი ქვეყნები შავ ზღვას ესაზღვრება. მსოფლიოს ამ რეგიონის უსაფრთხოება კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება დღესდღეობით ისტორიულ გამოწვევას წარმოადგენს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, რათა ამ რთულ სივრცეში სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ. აგრეთვე, შავი ზღვა შესაძლებლობების სივრცეს წარმოადგენს. მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ისტორიული აბრეშუმის გზა, რომელსაც დღეს ხშირად „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ, ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე და იაფი სატრანზიტო მარშრუტია. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაზარდოს თავისი როლი, როგორც ლოგისტიკურმა ცენტრმა და რეგიონში ბიზნესის კეთების ჰაბმა. მოწადინებულები ვართ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ძირითად სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში, რათა წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში. ახალი საბორნე მიმოსვლის დაწყება, რომელიც რუმინეთის კონსტანტას პორტს საქართველოს ფოთის პორტს აკავშირებს, კარგი მაგალითია, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ძალისხმევას, გავაძლიეროთ დაკავშირებადობა შავ ზღვაში. ამასთანავე, გვჯერა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, აგრეთვე, უდიდესი პოტენციალი აქვს, რათა დაეხმაროს ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში.

ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგები საქართველოსთვის - უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა; ისტორიულად უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი; ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ძირითადად, დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან; 2020 წლის შემდეგ ვაჭრობის გაორმაგება, ექსპორტის ჩათვლით; მზარდი ტურიზმი; გაზრდილი გაცვლები პორტების, რკინიგზისა და აეროპორტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით. აბრეშუმის გზას აქვს პოტენციალი, მეტი კეთილდღეობა მოუტანოს მისი წევრების ყველა ოჯახს, მათ შორის, აქ, რუმინეთში, ამ გზის მნიშვნელოვან მაკავშირებელ ადგილას შავი ზღვის გადაღმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.