მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული იზრდება

მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული იზრდება

[გიორგი ბექაური]

მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და როგორც ანალოტიკოსები პროგნოზირებენ, ახალ ტალღასაც უნდა ველოდოთ, საზოგადოების სხვადასხვა ფენის შემოსავლებზე არაერთგვაროვნად იმოქმედა. კრიზისის ფონზე ღარიბები და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო მეტად დაზარალდნენ, მდიდრები კი უფრო მეტად გამდიდრდნენ. ყოველ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ კრიზისმა ამერიკელი მილიონერების შემოსავლები უფრო მეტად გაზარდა, საშუალო ფენა და ღარიბები კი უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააგდო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქართველოში სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა ზოგადი ეკონომიკური კანონზომიერების შედეგად, როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველოზეც ამ კრიზისმა ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკაზე, ანუ გამდიდრდნენ მდიდრები და კიდევ უფრო გაღარიბდნენ ღარიბები.

ემპირიული დაკვირვებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია, აქედან 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების სტანდარტს. ასეთი სხვაობის ფონზე კი, ჩვენ უნდა ვებრძოლოდ არა მდიდრებს და სიმდიდრეს, არამედ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს.

ცნობისათვის, აშშ-ში ღარიბად ითვლება ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 22 000 დოლარს, ხოლო საშუალო ამერიკული ოჯახის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 50 000 დოლარია. გარდა ამერიკისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ფენის განმსაზღვრელად გარკვეული სტანდარტები არსებობს. ამ კატეგორიას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიშზე აქვს 18 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა, ჰყავს მანქანა, აგარაკი და კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად რესტორანში საუზმობს ან ვახშმობს.

ქართულ რეალობაში იმისათვის, რომ საშუალო ფენას განეკუთვნებოდე, სულ მინიმუმ საბანკო ანგარიზშე 2 520 ლარი უნდა გქონდეს (საარსებო მონიმუმი ჩვენთან 140 ლარია, 18 თვის ოდენობა კი ზუსტად 2 520 ლარია). რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, როგორიცაა აგარაკი, მანქანა და ა.შ. ესეც ქართველების სამკაოდ დიდ ნაწილს არ აქვს, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, საშუალო ფენას არ განეკუთვნებიან, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში საშუალო ფენა ძალიან მცირერიცხოვანია და, შესაბამისად, ისინი ამინდს არ ქმნიან.

„ამიტომ არის, რომ საქართველოში იქმნება ამდენი პოლიტიკური პარტია, რომლებიც საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობს. ჩვენთან რომ იყოს ძლიერი საშუალო ფენა, რა თქმა უნდა, ასეთი რაოდენობით პოლიტიკური პარტიის არსებობაც არ იქნებოდა აუცილებელი. ასევე სუსტია სოციალური მოძრაობა პროფკავშირების ხაზით. საერთოდ, საზოგადოება ითვლება ჩამოყალიბებულად და არ ექვემდებარება რაღაც რყევებს და მოწოდებებს, თუ იქ არის საშუალო კლასი, დაახლოებით, 50-60%. ჩვენთან ეს ციფრი სადღაც 7-8%-ს ფარგლებშია, მაქსიმუმ- 10%. ეს კი ოპტიმალურთან შედარებით, დაახლოებით, 6-ჯერ დაბალი მაჩვენებელია.

როგორც წესი, როდესაც კრიზისია, ის ყოველთვის გადადის საშუალო და დაბალ შემოსავლიანების, ანუ ფიქსირებული შემოსავლების მქონე საზოგადოების წევრების კისერზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს საქართველო იქნება, ამერიკა თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა. ეს არის ზოგადი ეკონომიკური კანონზომიერება. იმის გამო, რომ ეს ჯგუფი ნაკლებად არის სოციალურად დაცული სხვადასხვა სფეროში, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ კრიზისის მთელი სიმძიმე და ფასების ზრდა გადავიდა დაბალ და საშუალო შემოსავლიანებზე“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ექსპერტი საბანკო-ეკონომიკურ საკითხებში ლია ელიავაც თვლის, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ქართულ რეალობაშიც ღარიბების უფრო მეტად გაღარიბება გამოიწვია.

„ჩვენი ქვეყნის ფინანსურ ელიტას სახელმწიფოს მხარდაჭერით ყველა პირობა აქვს შექმნილი თავისი კაპიტალის არა მარტო შესანაჩუნებლად, არამედ გასაზრდელადაც. მაგალითისათვის საკმარისია იმის გახსენებაც, თუ რაოდენ სწრაფად გავიდა ქართული კაპიტალი საქართველოდან კრიზისის მოახლოებისთანავე და როგორ გაიღო სახელმწიფომ 1 მლრდ აშშ დოლარი ბანკებისათვის მხარდაჭერის სახით იმისათვის, რომ ეს კაპიტალი უკან დაბრუნებულიყო საქართველოში.

მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდი ფენის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა ფასების მატებისა და საქმიანი აქტივობის შეზღუდვის პირობებში, ფინანსური ელიტის კაპიტალი განაგრძობდა მუშაობას და შემოსავლების მიღებას. შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდა სოციალური დიფერენციაცია. ყველა ქვეყანაში ფული მოძრაობს ზემოდან ქვემოთ, ანუ ფინანსური ელიტიდან უბრალო მოსახლეობამდე. ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ფულის დაღმავალი მოძრაობა მნიშვნელოვნად შეფერხებულია, რაზეც მეტყველებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება“, - განაცხადა ელიავამ.

და ბოლოს, საქართველოში მდიდარიც და ღარიბიც თანაბრად იბეგრება.