კარიერას ასრულებს მაიკლ კეინი, რომელიც 50 წელზე მეტია, ამას აპირებს

კარიერას ასრულებს მაიკლ კეინი, რომელიც 50 წელზე მეტია, ამას აპირებს

ლეგენდარული ინგლისელი მსახიობი მაიკლ კეინი კარიერას ასრულებს. ორგზის ოსკაროსანი კინოვარსკვლავი, რომელიც მარტის თვეში 90 წლის გახდა, ამბობს, რომ მისი მომავალი ფილმი The Great Escaper უკანასკნელი ნამუშევარი იქნება. თუმცა, კეინი იმითაცაა ცნობილი, რომ უკვე ათწლეულებია, კარიერის დასრულებას აანონსებს.

"მაშინ ხომ 90 წლის არ ვყოფილვარ", — თავს იმართლებს მსახიობი, — "ახლა 90 წლის ვარ და ნორმალურად სიარულიც კი აღარ შემიძლია. თუმცა, [ფილმში] კარგი ყავარჯენი მომცეს და სცენების გადაღებაც ასე შევძელი".

The Great Escaper, რომელსაც მაყურებელი ოქტომბრიდან იხილავს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ბრიტანელი ვეტერანის ნამდვილ ამბავს ეფუძნება. კეინი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. მსახიობის თქმით, გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულის მიუხედავად, ამ კინოსურათით კმაყოფილი დარჩა.

"კოვიდის ამბების გამო, სამი წელია, ფილმში არ მითამაშია", — ჰყვება კეინი, — "მეგონა, ყველაფერი მორჩა-მეთქი, მაგრამ მერე ამ კინოსურათში ვითამაშე და შესანიშნავი დრო გავატარე".

მაიკლ კეინი კარიერის დასრულებაზე 1968 წლიდან მოყოლებული საუბრობდა. მაშინ იგი ამბობდა, 45 წლის ასაკში მუშაობას თავს დაანებებდა.

"მერე კი სადმე ფერმაში გადავსახლდები ბავშვებთან ერთად და მშვიდად დავბერდები", — ამბობდა მსახიობი, — "45 წელი კარიერის დასასრულებლად შესაფერისი ასაკია".

მას შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, კეინმა კარიერის დასრულება კიდევ რამდენჯერმე დააანონსა, თუმცა, თავის სიტყვას ამდენჯერვე გადაუხვია. ახლა კი, როცა მსახიობი პროფესიული საქმიანობისთვის თავის დანებებაზე კიდევ ერთხელ ლაპარაკობს, იმასაც ამატებს, რომ საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით კმაყოფილია.

"ყველა მოკვდება", — ამბობს კეინი, — "მაგრამ მე ხომ 90 წლამდე ვიცოცხლე. ცხრა, ცხრამეტი ან თუნდაც 29 წლის ასაკში არ გარდავცვლილვარ. მე 90 წლის ვარ და საუკეთესო ცხოვრება მქონდა, საუკეთესო ცოლთან და ოჯახთან ერთად".