ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ჯო ჯონასი და მსახიობი სოფი ტერნერი 4-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. საზოგადოებისგან ამას სპეკულაციები მოჰყვა, რასაც სოფი თავის ინსტაგრამზე გამოეხმაურა.
"განცხადება ორივე ჩვენგანისგან: 4-წლიანი არაჩვეულებრივი თანაცხოვრების შემდეგ მე და ჯომ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქორწინება დაგვესრულებინა. ბევრი სპეკულაცია არსებობს ამის მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების პირად სივრცეს ყველანი პატივს სცემთ", — წერს სოფი.
მიუხედავად ამ განცხადებისა, სხვადასხვა მედია განქორწინებაზე პასუხისმგებლობას ტერნერს აკისრებდა და განსხვავებულ ბრალდებებს უყენებდა, მაგალითად, წერდნენ, რომ სოფი შვილებს ყურადღებას არ აქცევდა და ბოლო თვეების განმავლობაში მათზე ზრუნვა მხოლოდ ჯოს უწევდა, როცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ტერნერი გადაღებების გამო ინგლისში იყო.
ამასთან, ამ პერიოდში პრესაში ჯოსა და სოფის შვილების ფოტოებიც გავრცელდა, რომელთა პირად სივრცესაც წყვილი წლების განმავლობაში უფრთხილდებოდა. საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ამ ფოტოებზე წვდომა მედიას ჯოს ლეიბლმა მისცა.
მათი აზრით, სოფის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან თავად ჯო და მისი გუნდი იდგა და მათი მიზანი ტერნერის რეპუტაციის შელახვა იყო. თუმცა, თავად ჯონასს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის თქვა, რომ რასაც თავად არ დაადასტურებდა, იმ ინფორმაციისთვის არ დაეჯერებინათ. მეორე მხრივ, თავად სოფისგან ან მისი გუნდისგან ჯონასის შესახებ უარყოფითი ხასიათის ინფორმაცია არ გავრცელებულა და არ უცდიათ, განქორწინება მისთვის დაებრალებინათ.
საზოგადოებამ ტერნერის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისთვის ჯო გააკრიტიკა, სოფის მხარი დაუჭირა და ეს ამბავი ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ბრიტნი სპირსის დაშორებას შეადარა — 2004 წელს წყვილის დაშორების შემდეგ ტიმბერლეიკმა მიზოგინიური მესიჯებით სცადა დაშორებაზე პასუხისმგებლობა ბრიტნისთვის დაეკისრებინა.
დაშორების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სოფი საჯაროდ არ გამოჩენილა, პირველად ის რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს, როდესაც სავახშმოდ ჯო ჯონასის ყოფილ შეყვარებულთან, ტეილორ სვიფტთან ერთად იყო. სვიფტს და ტერნერს აქამდეც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, სოფი სვიფტის კონცერტზეც იყო, თუმცა ფანები ამ სიახლემ მაინც გააკვირვა, მათი თქმით, ვარსკვლავები ერთმანეთს საერთო ყოფილ შეყვარებულზე/ქმარზე სალარაკოდ შეხვდნენ.
ტეილორ სვიფტი და ჯო ჯონასი ერთმანეთს დაახლოებით 15 წლის წინ ცოტა ხნით ხვდებოდნენ, სანამ ჯო სვიფტს 25 წამში სატელეფონო ზარით არ დაშორდებოდა. ტეილორს მასზე არაერთი სიმღერაც დაუწერია.