ტეილორ სვიფტის ერას ტურის ბილეთების გაყიდვისას მაღალი მოთხოვნის გამო საიტმა Ticketmaster-მა დროებით მუშაობა შეწყვიტა, იგივე დაემართა AMC-ის, როცა ტურის კინოთეატრის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, შემდეგი კი გუგლი აღმოჩნდა.
ტეილორ სვიფტი ოქტომბერში ალბომ 1989 (ტეილორის ვერსია)-ს გამოუშვებს, რომლის სიმღერების სახელების გასარკვევადაც ფანებს დავალება მისცა — მათ 33 მილიონი თავსატეხი უნდა ამოეხსნათ, რის შემდეგაც სიმღერების სახელებს გაიგებდნენ.
ამისთვის გუგლმა სპეციალური ბმული შექმნა — თუ გუგლის საძიებო ველში ლათინურად ტეილორ სვიფტის სახელსა და გვარს ჩაწერდით, სწორედ ეს თავსატეხები გამოგიჩნდებოდათ. თითოეულ ფანს სიმბოლურად 89 მათგანის აწყობა შეეძლო.
თავსატეხების ამოხსნას ერთდროულად იმდენად ბევრი ფანი ცდილობდა, რომ გუგლმა გაჭედვა დაიწყო და ზოგიერთ მათგანთან ბმული საერთოდ აღარ ჩანდა. კომპანიამ ხარვეზი მალევე გამოასწორა და საიდუმლოსაც აეხადა ფარდა — 33 მილიონივე თავსატეხის ამოხსნის შემდეგ, სვიფტმა სიმღერების სახელები გაამხილა და ფანებს ალბომის ფოტოსესიიდან ახალი ფოტოებიც აჩვენა.
პოპვარსკვლავის მორიგი ალბომის ახალი ვერსია 1989 (Taylor's Version) 27 ოქტომბერს გამოვა, ანუ იმ დღეს, როდესაც 2014 წელს მან თავდაპირველი ალბომი გამოუშვა.