[ეკა ბაქრაძე]
ინფლაციას მხოლოდ სამომხმარებლო ბაზარზე არ გამოუწვევია ძირეული ცვლილებები. საბანკო-საფინანსო სექტორი უკვე ალაპარაკდა იმ ცვლილებებზე, რომელიც 2011 წელს არის მოსალოდნელი. უმნიშვნელოვანესი მათ შორის სესხების გაძვირებაა. კრედიტებზე ძლივძლიობით დაწეული განაკვეთები, შესაძლოა, ისევ მაღლა აიჭრას.
ქართველი ბანკირები სესხების გაცემის ტემპების შემცირებას და კრედიტების გაძვირებას არ ვარაუდობენ. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის აზრით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სესხებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ებრძვის ინფლაციას, რასაც მივესალმები. ეს ცხადია, გამოიწვევს გარკვეული ტიპის მოვლენებს, სავარაუდოდ, დაკრედიტების ტემპის შემცირებას. საპროცენტო განაკვეთებში კი, არ მგონია, დიდი ცვლილება იყოს“, - განაცხადა გილაურმა.
ამასვე ფიქრობს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ბანკებში სესხების გაცემის 2010 წლის ტემპი წელს, შესაძლოა, ვერ შენარჩუნდეს. მიზეზად კი ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმა ეტაპობრივად, 15%-მდე გაიზრდება.
„პროკრედიტ ბანკში“ კი დაკრედიტების მოცულობის შემცირებას არ ვარაუდობენ. მათი თქმით, ბანკს ლიკვიდობა შესაბამის დონეზე აქვს, შესაბამისად, ბანკი არ ელის, რომ სესხების გაცემის მოცულობა შემცირდება.
ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი უკვე 6 თვეა, მონეტალური პოლიტიკის გამკაცრებაზე გადავიდა.
„მონეტარულად ძალიან შეზღუდულები ვართ, გავლენა ვიქონიოთ გარე ფაქტორებით გამოწვეულ ფასების ზრდაზე, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი გავანეიტრალოთ და ამის შედეგად ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე დავაბრუნოთ.
ეროვნული ბანკი უკვე 6 თვეა, გადავიდა გამკაცრების პოლიტიკაზე, ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ისე - სარეზერვო მოთხოვნებში“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
სანამ ეროვნული ბანკი და მთელი მთავრობა ინფლაციას მოთოკავს, მანამდე საფინანსო ბაზარზე კიდევ არაერთი ძვრა მოხდება. მაგალითად, არ არის გამორიცხული, ინფლაციამ მიკროსაფინანსო ბაზარზე განაკვეთების შემცირება ტენდენცია შეაჩეროს.
საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზრის პოტენციური სიდიდე 450-500 მილიონი აშშ დოლარია. ამჟამად მოქმედი 47 ორგანიზაციის მიერ ბაზრის მხოლოდ 20%-ია ათვისებული. ამის გამო, უახლოეს პერიოდში საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება არ არის მოსალოდნელი.
ბიზნეს-სესხების საპროცენტო განაკვეთები ამჟამად 20%-დან 36%-მდე მერყეობს, სამომხმარებლო კრედიტები კი 24%-38%.
თუმცა, ბოლო პერიოდში შეინიშნება ბანკების აქტიური დაინტერესება მიკროსაფინანსო ბაზრით. განსაკუთრებით ეს შეეხება 5 000-დან 10 000 დოლარამდე სესხების სეგმენტს, სადაც ეს ორი სექტორი ერთმანეთს მძაფრ კონკურენციას უწევს.
„ბანკების ძირითადი უპირატესობაა სესხზე ოდნავ დაბალი განაკვეთები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი მომხმარებელს უფრო სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და რაც მთავარია - აქტიურად გასცემენ სესხებს იმ რეგიონებში, სადაც ბანკები თავს იკავებენ დაკრედიტებისგან“, - აცხადებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ ძაძუა.