იტალიური მედიის შეფასება:

იტალიური მედიის შეფასება: "კვარაცხელიას გოლზე მეტად სიმშვიდე აკლია"

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლიმ“ სტუმრად „ბრაგა“ 2:1 დაამარცხა. პირველ საგოლე კომბინაციაში ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობდა, მაგრამ მან გოლი ისევ ვერ გაიტანა და რუდი გარსიამ 66-ე წუთზე შეცვალა.

იტალიური მედიისგან ხვიჩას, სამწუხაროდ, საკმაოდ დაბალქულიანი შეფასებები ერგო:

Calcionapoli1926 – 6 ქულა: „ეს სწორი გზაა! მეტოქეებს ფლანგზე პრობლემები შეუქმნა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალება და შეტევის დასკვნით ფაზაში სიზუსტე უნდა დაიბრუნოს“.

Calciomercato.it – 4.5 ქულა: „პირველი ხიფათი ნახევარი საათის თავზე შექმნა და მორჩა. მძიმე იმედგაცრუება“.

Tuttomercatoweb 5 - ქულა: „მორიგი მატჩი უგოლოდ. ეძებს სწორ თამაშს, რაც არასდროს გამოდის. გოლზე მეტად მას აკლია სიმშვიდე, სურს გადამწყვეტი იყოს და არათანმიმდევრულად მოქმედებს“.

Tuttonapoli - 5.5 ქულა: „მორიგი იმედგამაცრუებელი თამაში. პირველი ტაიმის მიწურულს მოუმატა, რასაც მოჰყვა ჯერ გაუქმებული პენალტის მომენტი, მერე კი ოსიმენის თავური და დი ლორენცოს გოლი. მეორე ტაიმში მეტ მოქმედებას იღებს საკუთარ თავზე, თუმცა, ერთხელ ბურთი მთებისკენ გაგზავნა და შეცვალეს“.

Mediaset – 5.5 ქულა: „რამდენჯერმე კლასი გამოავლინა, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა და ისეთი შეგრძნებაა, რომ გარსიას 11-ეულში ჯერ კიდევ ცოტათი თავს უცხოდ გრძნობს. პირველი გოლი მისი პასით გავიდა, თუმცა, ეს არ იყო საკმარისი თუნდაც საშუალო შეფასებისთვის. გარემარბი, რომელმაც ერთი წლის წინ სერია A-ს ნახევარი და ნახევარი ევროპა გააგიჟა, ჯერ კიდევ არ ჩანს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია 19 მარტიდან იწყება. მიმდინარე სეზონში მან ოთხ მატჩში თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 24 სექტემბერს, „ბოლონიასთან“ გამართავს.