ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ამჟამად ისტორიულ სამშობლოში ასპარეზობს და კლუბი „ატლეტიკო მინეიროს“ ღირსებას იცავს.
33 წლის მოთამაშეს მომავალ წელს მსოფლიო პირველობაზე თამაში სურს, მაგრამ მის სურვილს შეიძლება ასრულება არ ეწეროს.
წინა კვირას რონალდინიომ ბრაზილიის პირველობის ერთ-ერთ შეხვედრაში კუნთის მცირე დაზიანება მიიღო. „ატლეტიკო მინეიროს“ ექიმებმა ტრავმა სერიოზულად არ მიიჩნიეს და ფეხბურთელს ვარჯიშის განახლების საშუალება მისცეს.
ორი დღის წინ კლუბის საწვრთნელ ვარჯიშზე რონალდინიომ უკვე მყესი დაიზიანა. ფეხბურთელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მკურნალების ვერდიქტი ულმობელი აღმოჩნდა: მოთამაშე უახლოესი სამი თვის განმავლობაში მინდორზე გამოსვლას ვერ შეძლებს.