იდენტური გოლი 3 წლის წინაც: პროვედელმა თავისი გუნდი წაგებისგან სერია B-შიც იხსნა

იდენტური გოლი 3 წლის წინაც: პროვედელმა თავისი გუნდი წაგებისგან სერია B-შიც იხსნა

რომის „ლაციოს“ მეკარე ივან პროვედელი ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ გატანილი გოლით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

თუმცა, ეს მის პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი სულაც არ იყო. 2019-2020 წლების სეზონში სერია B-ში, როდესაც „იუვე სტაბიას“ კარს იცავდა, „ასკოლის“ გაუტანა.

მაშინაც ანალოგიურ სტილში, სტანდარტისას ჩაერთო შეტევაში თავისი გუნდის გადასარჩენად, რომელიც იმ დროისთვის მარცხდებოდა (1:2), თავით მეკარესაც დაასწრო და მცველებსაც!

„ასკოლისა“ და „ატლეტიკოს“ კარში გატანილი გოლები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა, ჰგავდა იმითაც, რომ ორივე გოლის შემდეგ თამაში მსაჯმა ეგრევე დაასრულა, ბურთის მოედნის ცენტრში დადებაც არ გახდა საჭირო.

ივანმა ამ გოლებიდან ვერც ერთი გამოარჩია, ორივე მისთვის ძალიან ძვირფასია: „ორივე უმნიშვნელოვანესი გოლია და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, - თქვა „ლაციოს“ კიპერმა, რომელსაც იტალიის ნაკრებშიც იწვევენ, თუმცა, ჯანლუიჯი დონარუმას კონკურენციაში ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

პროვედელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 მეკარეა ჰანს-იორგ ბუტის, სინან ბოლატისა და ვენსან ენიამას შემდეგ, რომელმაც გოლი გაიტანა.