ელექტროენერგია ექსპორტზე 4 თეთრად გააქვთ

ელექტროენერგია ექსპორტზე 4 თეთრად გააქვთ

[რეზონანსი]

ელექტროენერგია ექსპორტზე 4,3 თეთრად გადის, ფაქტობრივად, გენერაციის ფასად. სპეციალისტების განცხადებით, დანარჩენ სხვაობას შუამავალი კომპანიები იღებენ და ელექტროენერგიის ექსპორტიდან სახელმწიფოს თითქმის შემოსავალი არ აქვს. ექსპორტი გადასახადებისგან თავისუფალია, ხოლო ელექტრენერგია არც აქციზით არ იბეგრება. აქედან გამომდინარე, ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიდან მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. გარდა ამისა, ქართველი მომხმარებლისთვის ტარიფი მაღალია და ადგილობრივი წარმოების განვითარებაც ვერ ხერხდება.

ექსპერტების განცხადებით, მაღალი ტარიფის გამო, საქართველოში ელექტროენერგიის ძირითადი მოხმარებელი მოსახლეობაა და მისი ეკონომიკაში გამოყენება ვერ ხერხდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წელს 36,537 მილიონი დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კი ექსპორტზე 1,5 მილიარდი კვტ/საათი ელექტროენერგია გავიდა; ანუ ერთი კვტ/სთ ელექტროენერგიის ფასი 2,4 ცენტი (4,3 თეთრი) გამოდის. სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპორტზე ის ელექტროენერგია გადის, რომლის წარმოება ძვირი ჯდება, ხოლო ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას, რომელიც 1,8 თეთრი ღირს სახელმწიფო იყენებს. კერძო მფთლობელობაში მყოფი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტრენერგია 3-4 თეთრი ღირს. გამოდის, რომ ელექტროენერგიის ექსპორიდან მოგება თითქმის არაფერია.

ექსპერტების განცხადებით, უცხოეთში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, საშუალოდ, 4-5 ცენტია, ანუ დაახლოებით 9 თეთრი. ენერგეტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ექსპორტირებული ელექტროენერგიის ფასი კონფიდენციალურია.

ექსპერტი დავით ებრალიძე მიიჩნევს, რომ სხვაობა შუამავალ კომპანიებს რჩებათ.

„ელექტროენერგია ექსპორტზე გენერაციის ფასად გადის. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი არც გადასახადებით იბეგრება, სახელმწიფოს აქედან შემოსავალი, ფაქტობრივად, არ აქვს. თუკი სახელმწიფო ელექტრონერგიის ექსპორტის გაზრდას გეგმავს, მაშინ სისტემა უნდა შეიცვალოს“, - ამბობს ებრალიძე.

მისი თქმით, ენერგეტიკა ექსპორტზე ჩალის ფასად გადის, ქართველი მომხმარებლისთვის კი იაფიანი ენერგია კატასტროფულად ძვირია. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ მთავრობამ პირობა დადო - როცა ელექტროენერგიაში ჰიდროენერგეტიკის წილი გაიზრდებოდა, ტარიფი გაიაფდებოდა. თუმცა, დღეს მთავრობას ამ პირობის გახსენებაც კი არ სურს.

ამჟამად, ელექტროენერგიის დაახლოებით 85 პროცენტს ჰიდროელექტროსადგურები აწარმოებენ, ხოლო 15 პროცენტს თბოელექტროსადგურები. ექსპერტების განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგია 17,69 თეთრი არ უნდა ღირდეს. ძვირი ენერგომატარებლები სამომხმარებლო პროდუქტს აძვირებს და ხშირად წარმოებას არარენტაბელურს ხდის. მეორე საკითხია ის, რომ 17 თეთრამდე ტარიფის გაძვირებას რეალური გათვლები არ ახლდა, ვიანიდან თუნდაც 30%-იანი თბოელექტროენერგის შემთხვევაში, ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგება დაუშვებელი იყო.

ასევე, საგულისხმოა, რომ ტარიფი ისე გაძვირდა, მისი შემადგენელი კომპონენტები არათუ საზოგადოებისთვის, დარგის სპეციალისტებისთვისაც კი უცნობი იყო.

ენერგეტიკოსის მურმან მარგეველაშვილის განცხადებით, სარეკორდოდ მაღალმა ელექტროტარიფებმა ქვეყანაში უკვე შეზღუდა ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, აღარ იზრდება. შესაბამისად, ენერგორესურსების ეკონომიკური ხელმისაწვდომობა სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამ დროს მთავრობა ამბობს, რომ ინფლაციის შეჩერების ბერკეტები არ გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ბერკეტი ხელოვნურად გაზრდილი ტარიფის რეალურ ზღვრამდე დაყვანაა. 18-თეთრიანი ელექტროენერგია მეწარმეებს მძიმე ტვირთად აწვებათ. მაგალითად, პურის ქარხნების მფლობელები ხშირად აცხადებენ, რომ პურის გაძვირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ძვირი ელექტროენერგიაა.

მარგველაშვილის განცხადებით, ენერგიის უდიდესი მომხმარებელი მოსახლეობაა. საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული ენერგია ენერგიის მიწოდების 38%-ს (საბოლოო მოხმარების 53%-ს) შეადგენს, რაც 2.5-ჯერ აღემატება ინდუსტრიაში და 10-ჯერ - მომსახურების სექტორში ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელს.

„ასეთი განაწილების უარყოფითი მხარეა ის, რომ მოხმარებული ენერგიის დიდი ნაწილი გამოიყენება საბოლოო მოხმარებისთვის და არა სხვა საზოგადოებრივი პროდუქტის შესაქმნელად“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ენერგორესურსებია, შესაბამისად, ჩანს რამდენად სწორად იყენებს სახელმწიფო ამ რესურსს. მოსახლეობას აქვს სრული უფლება სამინისტრომ რეალური სურათი წარუდგინოს - თუ რა სარგებელს იღებს ქვეყანა უხვი ჰიდრორესურსებისგან.