ეტოო კამერუნის ნაკრებში კვლავ იასპარეზებს

ეტოო კამერუნის ნაკრებში კვლავ იასპარეზებს

ერთი თვის წინ ლონდონის „ჩელსისა“ და კამერუნის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

32 წლის შემტევი მძიმე ხასიათით გამოირჩევა და ნაკრების გერმანელ მთავარ მწვრთნელ ფოლკერ ფინკესთან კონფლიქტი გააჩნდა.

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს კამერუნელები ტუნისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული გუნდი 2014 წლის მსოფლიო პირველობის საგზურს დაეუფლება.

ეტოოსგან „შერისხულმა“ ფინკემ ფეხბურთელი ამ მატჩებისთვის გამოიძახა.

დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ სამუელ ეტოომ მშობლიური ქვეყნის ეროვნულ გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. უფრო მეტიც. თუ გუნდი „მუნდიალი - 2014“-ზე გაემგზავრება, ეტოო ბრაზილიაშიც იასპარეზებს.