რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Corriere dello Sport” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ იტალიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის დიდ ბრიტანეთში დაბრუნება სურს.
გამოცემას ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლი ესაუბრა. ცნობილი გახდა რომ „სუპერმარიო“ ისტორიულ სამშობლოში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ბალოტელი მილანელ თანაგუნდელებს ვერ შეეწყო, ქალაქიც კატეგორიულად არ მოსწონს და ამის კვალობაზე ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.
წინა კვირას „მილანმა“ კლუბ „ნაპოლის“ უმასპინძლა. შეხვედრის დასასრულს ბალოტელიმ ნერვები ვერ დაიოკა და მატჩის მთავარ არბიტრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მოთამაშეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
რამდენიმე დღის წინ მარიო თავის აგენტს დაუკავშირდა და მომავალი საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯრისთვის რომელიმე ძლიერი ინგლისური კლუბის ვარიანტის გამოძებნა სთხოვა.
ბატონი რაიოლის მტკიცებით ბალოტელის სამსახურით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „არსენალი“ უკვე დაინტერესდნენ.