გაკოტრების „ნაციონალური“ ფორმულა

გაკოტრების „ნაციონალური“ ფორმულა

დღეს კაფე-გალერეა „ბეთჰაიმში“ ჟურნალისტ შოთა მაჭარაშვილის ახალი წიგნის - „გაკოტრების „ნაციონალური“ ფორმულა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამომცემლობა „ივერია XXI“-მ გამოსცა.

წიგნში დეტალურადაა გაშიფრული ის სქემა, თუ როგორ მოხდა კანონიერი მფლობელისთვის „ჟინვალის“ ჰიდროელქტროსადგურის ჩამორთმევა და რუსი მეპატრონისთვის მისი გადაცემა. ამ საქმეში კი თავდაპირველად მერიის ინტერესი იკვეთებოდა.

შოთა მაჭარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ძალზე აქტუალური თემაა და მისი სურვილია, საზოგადოებისთვის ახსნილი იყოს ნაციონალურ ეპოქაში წარმატებული კომპანიების გაკოტრებისა და მათი ქონების მითვისების ნაციონალური ფორმულა. მით უფრო, რომ 2004-დან 2012 წლამდე ანალოგიური სქემით ასობით კომპანიის ქონება სახელმწიფოს სახელით მოქმედ მტაცებელთა ჯგუფების ხელში გადადიოდა.

იმ დროისთვის საქართველოს ენერგოსისტემაში „ჟინვალჰესი“ ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ორგანიზაციულად დალაგებული, ენერგეტიკულად გამართული სტრუქტურა იყო. ამიტომაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა.

„ჟინვალჰესის“ ირგვლივ ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ხელისუფლებაში „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ ჯგუფი მოვიდა. პარალელურად, ამას თან სდევდა „ჟინერზე“ შეტევაც. „არგუმენტებიც“ მოინახა, თითქოს, კომპანიამ „ჟინვალის“ ჰიდროელექტროსადგური მუქთად ჩაიგდო ხელში და ძალიან მცირე საიჯარო გადასახადს იხდიდა. დავამ უკვე პარლამენტში გადაინაცვლა. მოგვიანებით, ბრძოლაში ჩაერთო თბილისის მერია და საკრებულო. თბილისის მერიას „ჟინვალის“ ჰიდროკომპლექსისა და „თბილწყალკანალის“ ერთიანად სარფიანად გაყიდვა სურდა. ამ საქმეს კი შპს „ჟინერი“ უშლიდა ხელს, ამიტომ იგი „ჟინვალჰესის“ მმართველობიდან ნებისმიერი ხერხით უნდა ჩამოეცილებინათ. „ჟინერთან“ საბრძოლველად, იმ მიზნით, რომ კომპანიას ნაკისრი ვალდებულება არ შეესრულებინა, ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდი გამოიყენეს.

„ჟინერის“ საქმიანობის „არაეფექტურობის“ გამოსავლენად თბილისის საკრებულომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. კომისიას უნდა დაედგინა, რომ შპს „ჟინერი“, თითქოს, თბილისს წყალს უძვირებდა და არ უვლიდა სადგურს. თუმცა კომისიამ მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკებისგან დიამეტრალურად განსხვავებული დასკვნები დადო. თბილისის მერიას მაინც სულ სხვა მიზნები ამოძრავებდა და ქონების გადანაწილების საკუთარ სქემას ამუშავებდა, თანაც, „ჟინერის“ მიმართ ბრალდებებს არ იშურებდა. იმ დროისთვის ერთ სულზე წყლის გადასახადი 1. 20 ლარს შეადგენდა. „თბილწყალკანალი“ კი წყლის გადასახადის გაძვირებას ითხოვდა. მოსახლეობისთვის წყლის გაძვირების მიზეზი რომ აეხსნათ, განტევების ვაცად „ჟინერი“ მოიტანეს. „ჟინერმა“ უსაფუძვლო ბრალდებებს პასუხი გასცა, მაგრამ ამჯერად, თბილისის საკრებულო თავისას მაინც არ იშლიდა.

მოგვიანებით შპს „ჟინერში“ ფინანსური პოლიცია შევიდა, რომელმაც სერიოზული დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ასე რომ, საბაბი, რითაც „ჟინერს“ „ჟინვალჰესის“ მართვაზე საკუთარი ნებით უარს ათქმევინებდნენ, ვერ მოიძებნა. ამიტომ ძალის გამოყენება და საკუთარი წილების ღამის ორ-სამ საათზე სახელმწიფოსთვის გადაფორმების სქემა ყველაზე მარტივი იყო.

„ჟინერის“ შემთხვევაშიც ეს სქემა ამოქმედდა. შპს „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭიჭინაძე და კომპანიის დირექტორი ემზარ ჩაჩხიანი ფინანსურმა პოლიციამ რამდენიმე საათით დააკავა. მათგან საკუთარი წილების, აქციების 51%-ის დათმობას და შპს „თბილწყალკანალთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას, სასამართლოდან სარჩელის გამოტანას მოითხოვნდნენ. ემზარ ჩაჩხიანს თემურ ჭიჭინაძის თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიების შესახებ გამზადებული დადგენილება, ვითომ, შემთხვევით კომპიუტერში აჩვენეს და უთხრეს, თუ საჭირო იქნება, ასეთი დადგენილება თქვენზეც გამოიწერებაო. წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. 2005 წლის 12 იანვარს მათ იძულებით დაათმობინეს კომპანია.

თბილისის მერიამ მიზანს მიაღწია და „ჟინვალჰესი“ და „თბილწყალკანალი“ გასაყიდად ერთ ლოტად გააერთიანა. „ჟინერი“ მას უკვე აღარ აინტერესებდა და ის გაკოტრებისთვის იყო განწირული. გაკოტრების საქმის აღძვრის შესახებ კი „ჟინერის“ ახალ დირექციას კომპანიის აქციათა 49 %-ის მფლობელთათვის არაფერი უცნობებია. „ჟინერის“ მთელი ქონება აუქციონზე გაიტანეს და გაყიდეს.

როგორც შპს „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ - თემურ ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქმე პროკურატურას ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე გადაეცა. თავდაპირველად, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა რატომღაც, ამ ეტაპზე, ყოველგვარი მოქმედებები შეწყვეტილია, რაც, როგორც ჩანს, კოაბიტაციით აიხსნება. არადა, თემურ ჭიჭინაძის თქმით, სწორედ ისინი იყვნენ პირველი ქართველი ინვესტორები, რომლებმაც იმ რთულ პერიოდში, ჩაბნელებულ საქართველოში, ამ საქმეში თანხები ჩადეს. თუმცა, სწორედ ისინი გახდნენ სამაგალითონი იმ მხრივ, თუ როგორი ურთიერთობა დაამყარა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ ბიზნესთან.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს იმ უამრავი დანაშაულის ერთ-ერთი მაგალითია, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ადამიანების ბედის დანგრევასთან ერთად, ქვეყნის ბედიც შეცვალა.