"ნაპოლი" იანვარში ოსიმენის და ანგისას გარეშე დარჩება

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ იანვარში წამყვანი ფეხბურთელების, ვიქტორ ოსიმენის და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას გარეშე დარჩება. ამის მიზეზი აფრიკის თასია.

გაირკვა, რომ 2024 წლის აფრიკის თასი 13 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. შესაბამისად, ამ პერიოდში აფრიკელი ფეხბურთელები ნეაპოლელებს ვერ დაეხმარებიან.

ჯერ კონკრეტული თარიღები, როდესაც ისინი გუნდს გამოაკლდებიან მაინც უცნობია, რადგან ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად შორს გავლენ ტურნირზე ნიგერიისა და კამერუნის ნაკრებები.

ოსიმენი და ანგისა „ნაპოლისთვის“ პრაქტიკულად შეუცვლელი მოთამაშეები არიან, მაგრამ რუდი გარსიას აქვს ალტერნატიული ვარიანტები - ოსიმენის ნაცვლად ჯოვანი სიმეონე და ჯაკომო რასპადორი, ხოლო ანგისას ნაცვლად ელიფ ელმასი და იენს კაიუსტე.