არცთუ ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, კარდაშიან-ჯენერების ოჯახი რეალითი შოუს ახალი სეზონით ბრუნდება. შოუს მესამე სეზონი ივლისის მიწურულს დამთავრდა, თუმცა, ვარსკვლავური დრამები უკვე შემოგაკლდათ, არ იდარდოთ — კარდაშიანები Hulu-ზე 28 სექტემბრიდან ისევ გამოჩნდებიან.
რეალითი შოუს მეოთხე სეზონის ტრეილერი ახლახან გავრცელდა და მისით ბევრი რამ შევიტყვეთ იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ. ვიდეოში კორტნი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სიტუაცია "ძალიან დაძაბული იყო" და რომ მისი "არ ესმით". დაძაბულობა კი, ალბათ გასაკვირი არაა, რომ თავის უმცროს დასთან, კიმთან, ჰქონდა. სატელეფონო საუბრისას, კიმი კორტნის ეუბნება, რომ იგი "სულ სხვა ადამიანია".
"შენ გძულვართ", — ეუბნება კიმი დას.
"შენ კი ალქაჯი ხარ და მეზიზღები", — პასუხობს კორტნი ტირილით.
დაძაბულობა არც მესამე დას აკლია. ქლოი კარდაშიანი ტრეილერში ამბობს, რომ ყოფილ პარტნიორთან, კალათბურთელ ტრისტან თომპსონთან, მეორე შვილის შეძენის შემდეგ ურთიერთობა განსაკუთრებით მყიფე გახდა. კორტნი ტრისტანს პირდაპირ ეუბნება, რომ იგი "ქლოის არ იმსახურებს", თუმცა, დების დედა, კრის ჯენერი, თომპსონისადმი უფრო კეთილგანწყობილია და ამბობს, რომ ის "კარგი მამაა". ცხადია, ამას ქლოის გაღიზიანება მოჰყვება.
კარდაშიანების ოჯახი მსოფლიომ 2007 წელს გაიცნო, როცა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადაღებული რეალითი შოუ დაიწყო. შოუს ძირითადი ხაზი ოჯახის ექვსი წევრის გარშემო ვითარდება — კორტნი, კიმ და ქლოი კარდაშიანები, კენდალ და კაილი ჯენერები და ასევე მათი დედა, კრის ჯენერი. პოპკულტურის ცნობადმა სახეებმა მოგვიანებით არაერთი ბრენდიც დააფუძნეს, რის შედეგადაც ყველა მათგანი მილიონერი გახდა; კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერი კი შემდგომ მილიარდერებადაც იქცნენ.
ოჯახის პირველი რეალითი შოუ Keeping up with the Kardashians 20 სეზონის შემდეგ, 2021 წელს დასრულდა. ამის მიუხედავად, მალევე გავიგეთ, რომ რამდენიმე თვეში ახალი პროექტი უკვე სხვა პლატფორმაზე იწყებოდა. Hulu-სთან გაფორმებული უპრეცედენტოდ ძვირადღირებული კონტრაქტით 2022 წლის აპრილში ახალი შოუ, The Kardashians, დაიწყო.