ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თამაშს სრულად აკონტროლებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სიტუაცია მაინც დაიძაბა.
„ბიჭები გრძნობდნენ, რომ თამაშზე სრული კონტროლი ჰქონდათ. ორი ბურთით ვლიდერობდით და არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ მატჩი დაიძაბებოდა. შემდეგ გოლი გავუშვით და ყველაფერი დრამატული გახდა. ბოლოს შანსიც ჰქონდათ, მაგრამ არ იქნებოდა სამართლიანი მეორე გოლიც რომ გაგვეშვა. ვფიქრობ, მატჩის ბოლოს გაშვებული გოლები მენტალური პრობლემაა. შესაძლოა, ვერ ვპოულობთ ბალანსს, როცა ანგარიშში წინ ვართ.
ცალმხრივი წყობა გვქონდა დაგეგმილი, რადგან ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ყოველთვის მარცხენა ფლანგიდან თამაშობს. კრისტოფერ აიერს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ეს ზონა უნდა დაეხურა. მან ეს კარგად გააკეთა. მეორე ფლანგზე კი ისეთი სახიფათონი ვიყავით, როგორც გვინდოდა. ნუსამ შესანიშნავი საგოლე პასები გააკეთა.
შესვენების შემდეგ ბურთის ფლობა ნაკლებად გვქონდა, ზოგიერთ მოთამაშეს ფიზიკური კონდიციები არ ჰყოფნის. აურსნესი „ბენფიკაში“ მცველად თამაშობს, ჩვენ ნახევარმცველად გვჭირდება, ნუსა დაიღალა, ერლინგი პირველ ტაიმში ძალიან აქტიური იყო, მეორე ნახევარში სტატიკური გახდა, მარჯვნივ მეორე ტაიმში ისეთი აქტიურები ვერ ვიყავით, როგორც მანამდე. საქართველო ვერაფერს ქმნიდა, მაგრამ უცებ გოლი გაიტანეს და ბოლოს სიტუაცია დრამატული გახდა. მათ ნახევარზე მარტივად ვთამაშობდით, საქართველო შეტევაში ვერ მიდიოდა, ჩვენ მათგან კონტრშეტევებს ველოდით, მაგრამ ისინი თავდასხმაში არ მოდიოდნენ.
ჰოლანდი პირველ ტაიმში ძალიან აქტიური იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ჩაკეტილი იყო. მოძრაობდა, თუმცა, საქართველო 5 მცველით და ღრმა ნახევარდაცვით თამაშობდა, მას ხშირად გარშემო 6 ფეხბურთელი ჰყავდა. მნიშვნელოვანია, რომ მას მოთმინების უნარი ჰქონდეს, მისთვის მთავარი ბურთთან შეხება კი არა, გოლებია.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დიდი არ არის, მაგრამ ცოცხლები ვართ. თუ ოქტომბერში ორივე მატჩს მოვიგებთ, ნოემბერშიც შანსი გვექნება. რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ დღეს რომ არ მოგვეგო, ამის საშუალება არ გვექნებოდა“, - თქვა სოლბაკენმა.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.