Studio Ghibli-ის ცნობით, მიაძაკიმ კარიერის დასრულება ისევ გადაიფიქრა

Studio Ghibli-ის ცნობით, მიაძაკიმ კარიერის დასრულება ისევ გადაიფიქრა

როგორც აღმოჩნდა, ჰაიაო მიაძაკიმ კარიერის დასრულება გადაიფიქრა — ისევ.

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც რეჟისორის ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი როგორ ცხოვრობ? (ინგლისურენოვან სახელწოდებას ბიჭი და ყანჩა ჰქვია) აჩვენეს, Studio Ghibli-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯუნიჩი ნიშიოკა პრესას გაესაუბრა. ნიშიოკამ აღნიშნა, რომ რეჟისორი აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

"ამბობენ, ეს მისი უკანასკნელი ფილმი შეიძლება იყოსო, მაგრამ თვითონ ასე სულაც არ ფიქრობს", — განაცხადა ნიშიოკამ, — "ამჟამად იგი ახალი ფილმისთვის იდეებს ამუშავებს. ყოველდღე მოდის თავის ოფისში და ამას აკეთებს. ამ დროისთვის იგი კარიერის დასრულებას საერთოდ არ აპირებს, მუშაობას ძველებურად განაგრძობს".

აღსანიშნავია, რომ მიაძაკის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება აქამდეც არაერთხელ მიუღია, თუმცა, იმდენჯერვე გადაუფიქრებია. ბოლოს 2013 წელს გადაწყვიტა, რომ ფილმი The Wind Rises მისთვის უკანასკნელი ყოფილიყო. თუმცა, სამი წლის შემდეგ უკვე ზემოხსენებულ ფილმზე მუშაობა დაიწყო და 2021 წელს დაადასტურა, რომ კიდევ ერთი სურათის შესაქმნელად ბრუნდებოდა.

რაც შეეხება მიაძაკის ახალ ფილმს, ბიჭი და ყანჩა იაპონიაში ივლისში აჩვენეს. თუმცა, პრემიერამდე სტუდიამ რეკლამის უჩვეულო სტრატეგია აირჩია — ფილმის გამოსვლამდე არც ტრეილერი გავრცელებულა და არც შინაარსის დეტალები. საბოლოოდ, როცა კინოსურათი პირველმა მაყურებელმა ნახა, აღფრთოვანებულმა გამოხმაურებამ არ დაახანა. ფილმს კრიტიკოსებმა "სრულყოფილი, მრავალშრიანი შედევრი" უწოდეს და ისიც აღნიშნეს, ამ სურათით მიაძაკი თითქოს მართლა გვემშვიდობებაო.

82 წლის რეჟისორს ახალი ფილმის სახელი აღებული აქვს იაპონელი მწერლის, იოშინო გენძაბუროს, წიგნის სათაურიდან. თუმცა, ფილმის სიუჟეტი ნაწარმოებს არ ეფუძნება. აქ ამბავი მოზარდ ბიჭზეა, რომელიც თავის პატარა ქალაქში მიტოვებულ კოშკს აღმოაჩენს და მოლაპარაკე ყანჩასთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება.

ჰაიაო მიაძაკის, რომლისთვისაც "იაპონური ანიმაციის ნათლიაც" კი უწოდებიათ, მსოფლიოში ყველაზე მეტად ოსკაროსანი ანიმეთი, მოჩვენებების მიერ გატაცებული, იცნობენ. ოსკარზე იყო წარდგენილი მისი კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი, ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი, რომელიც დაიანა უინ ჯონსის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება.