ვისაც

ვისაც "მაგარ ტიპებად" ვიცნობთ, შეიძლება მოძალადეები აღმოჩნდნენ — კრისტინა რიჩი

რამდენიმე დღის წინ მსახიობი დენი მასტერსონი 2 ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს და მინიმუმ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანამდე კოლეგების ნაწილი მსახიობის მიმართ ლმობიერ პოზიციას აფიქსირებდა, მათ შორის არიან მილა კუნისი და ეშტონ კაჩერიც, რომელთაც მასტერსონს სასამართლოსთვის დადებითი დახასიათებაც კი დაუწერეს. მოგვიანებით კუნისმა და კაჩერმა მსხვერპლებს ბოდიში მოუხადეს, თქვეს, რომ მათ მხარს უჭერენ და თავიანთი ქმედება "25-წლიანი მეგობრობით" გაამართლეს.

მომხდარს სოციალურ ქსელში მსახიობი კრისტინა რიჩი გამოეხმაურა. მისი თქმით, ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს, საშინელ რაღაცებს ჩადიან და ის, რომ პირადად მსგავსად არ მოგვქცევიან, მათ უდანაშაულობას არ ნიშნავს.

"მსხვერპლების დისკრედიტაცია დანაშაულია. ადამიანები, რომელთაც "მაგარ ტიპებად" ვიცნობთ, სინამდვილეში შეიძლება მოძალადეები აღმოჩნდნენ. ამის გააზრება რთული, მაგრამ საჭიროა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მსხვერპლებს მხარს ვუჭერთ, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს", — აღნიშნავს რიჩი.

მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი მასტერსონთან ერთად 1998 წელს გამოსულ ცნობილ სერიალ That 70's show-ში თამაშობდნენ. კაჩერი მოსამართლისთვის დაწერილ დახასიათებაში ამბობს, რომ მისი აზრით, "დენი მასტერსონი საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას არ წარმოადგენს", კუნისი კი მსახიობს "მისაბაძ მაგალითსა და შესანიშნავ მეგობარს" უწოდებს.

ამის გამო საზოგადოებამ წყვილი მოძალადის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა, რის პასუხად მათ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს. კუნისისა და კაჩერის თქმით, მასტერსონის დახასიათებით არ უცდიათ, სასამართლო განაჩენში ეჭვი შეეტანათ და წერილები იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ მოსამართლეს მსახიობის პიროვნებაზე წარმოდგენა შეექმნა.