შსს ილიას მკვლელობის ახალ ვერსიაზე ფილმს იღებს

შსს ილიას მკვლელობის ახალ ვერსიაზე ფილმს იღებს

ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს ერთიანი პოზიცია. ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის შემდეგ ექიმი იაშვილი ასკვნიდა, რომ მას წინიდან რომელიმე ბანდიტმა ესროლა. თუმცა, მოგვიანებით ისტორიკოსი ვახტანგ გურული ავითარებდა ვერსიას, რომ ჭავჭავაძეს ბერბიჭაშვილის ბანდის წევრმა კი არა, რომელიღაც სხვა ტერორისტმა ესროლა. მეტიც, ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებდა წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კი -  გაცილებით დიდს. ამდენად, მისი აზრით, ექიმ იაშვილს უზუსტობა მოუვიდა. ილიასათვის წინიდან რომ ესროლათ, მაშინ მცირე ზომის ხვრელი მკერდის არეში ექნებოდა, დიდი ზომისა კი - იღლიის ქვეშ. გვამის გაკვეთის აქტში კი ყველაფერი პირიქითაა, ე.ი. ილიას ზურგიდან ესროლეს.

ილიას მკვლელობის აქამდე უცნობ ვერსიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმს იღებს. „ვინ მოკლა ილია...“-  ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, ამავე უწყების სხვა სტრუქტურული დანაყოფების დახმარებით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზა აღადგინა.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი, შსს-ს არქივის თანამშრომელი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მთავარ როლებს მოწვეული მსახიობები – კოტე თოლორდავა, ნანუკა ხუსკივაძე, ზაზა იაქაშვილი და გივი ბერიკაშვილი ასრულებენ.

როგორც ცნობილია, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. ფილმის ხილვის შემდეგ საზოგადოება ილიას მკვლელობის სრულიად ახალ ვერსიას გაეცნობა, რაც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებით იქნება გამყარებული.

ფილმის გადაღება თბილისსა და მის შემოგარენში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

For.ge ფილმის რეჟისორ მიხეილ ბერინაშვილს ესაუბრა.

ილიას მკვლელობიდან 105 წლის შემდეგაც ტრაგედიის შესახებ სხვადასხვა ვერსია აქტუალობას არ კარგავს. დღემდე საზოგადოების უმეტესობა მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილედ სერგო ორჯონიკიძეს თვლიდა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ვერსია, რომვინმე იმერელიშესაძლოა, ივიკო იმერლიშვილი ყოფილიყო. ამბობდნენ იმასაც, რომ ილიას მკვლელობით სოციალ-დემოკრატების გარდა, მეფის რუსეთის ხელისუფლებაც იყო დაინტერესებული, რადგან ილიამ მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, რუსეთის სათათბიროზე მოითხოვა საქართველოს ავტონომია. სხვათა შორის, იმდროინდელმა პრესამ, ფაქტობრივად, ნიადაგიც შეამზადა ილიას მკვლელობისთვის, როცა მას სრულიად უსამართლოდ მჩაგვრელ მებატონე მოიხსენიებდ. საინტერესოა, ფილმის გადაღებისას ილიას მკვლელობის რომელ ვერსიაზე მუშაობთ?

- ამ ეტაპზე ვერ გეტყვით და ყველაფერს ფარდას ვერ ავხდი, რათა ცოტა ინტრიგა დავტოვოთ. პრემიერა როცა შედგება, მაშინ უკვე სრულფასოვნად გაჟღერდება ახალი ვერსია. ილიას მკვლელობაში მონაწილეობდა ვინმე იმერელი და, თუ ვინ იყო ეს იმერელი, რომელ დაჯგუფებასთან იყო დაახლოებული და რა თავისებურებები ახასიათებდა, ამის შესახებ ფილმი მოგითხრობთ. ეს იქნება განსხვავებული რაკურსით წარმოდგენილი და განსხვავებული სტრუქტურით აგებული ფილმი, რადგან ჩვენ გამოვიყენეთ ერთგვარი გროტესკული ხერხები, ანუ სამი ეპოქა გავაერთიანეთ - მეფის რუსეთის, საბჭოთა და თანამედროვე ეპოქები. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ამით გვსურს, ვაჩვენოთ მაყურებელს, რომ ილიას მკვლელობა არ არის მხოლოდ საუკუნის წინანდელი, ანუ 105 წლის წინ მომხდარი ამბავი, არამედ ეს არის დღევანდელი დღე. ეს ის უბედურებაა, რომელიც მაშინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქედან გამომდინარეობს ის მეთოდიკა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ამ ფილმში. გარდა ამისა, აქ აქცენტები გაკეთებულია იმ კრიმინალურ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ხელახლა შევისწავლეთ, როგორც ჩვენთან არსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში, ასევე, სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით. ამაში დიდი დახმარება გაგვიწიეს ცალკეულმა ექსპერტებმა, ისტორიკოსებმა და მკვლევარებმა.

ტყვიის ტრაექტორიის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ, რომელიც განსაზღვრავს ილიას წინიდან ესროლეს თუ ზურგიდან?

- ტყვიის ტრაექტორიის შესახებ არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. მოგეხსენებათ, არსებობს ორი ვერსია, თუ რომელი მხრიდან ესროლეს ილიას. იყო შეხედულება, რომ მას ესროლეს წინიდან და მეორე ვერსიით -  უკანა მხრიდან დაუმიზნეს. ამასთან დაკავშირებით, კომპეტენტური წყარო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, გააკეთებს თავის შეფასებას და ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. არ მინდა, ახალი დეტალები წინასწარ გავახმოვანო.

სამხარაულის ბიურომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ ახალი დასკვნა დადო?

- ჩვენ გადავუგზავნეთ სამხარაულის ბიუროს ილიას ცხედრის გაკვეთის სამედიცინო დასკვნა, რომელზეც მათ იმუშავეს, შეაფასეს და ამაზე დაყრდნობით გახმოვანდება ჩვენი ფილმის ახალი ვერსია.

თქვენ მკვლევარები ახსენეთ, მაგრამ, თუ გაიარეთ კონსულტაცია ამ თემაზე მომუშავე ისტორიკოსებთან და რამდენად რეალისტურად მიიჩნიეს მათ ილიას მკვლელობის .. მესამე ვერსია?

- საკმაოდ რეალისტურად მიიჩნიეს. ვისაც ვესაუბრეთ და ვისთანაც გავიარეთ კონსულტაცია, მათ დაადასტურეს, რომ ეს ყველაფერი რეალური ჩანს. თუმცაღა, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

თავის დროზე ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით გიგლა ბერბიჭაშვილის საჩვენებელი გასამართლება მოეწყო. მანამდე კი მან აღიარა ილიას მკვლელობის ფაქტი, რითაც იგი ამაყობდა. ამ გადასახდედიდან, რაც მესამე ვერსიის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეთ, რამდენად სამართლებრივად გეჩვენებათ ის სასამართლო პროცესი და, ასევე, სოციალ-დემოკრატების უმწიკვლო როლი ილიას მკვლელობის საქმეში? გარდა ამისა, ფილიპე მახარაძის შესახებაც იყო მსჯელობა, რომელმაც სერგო ორჯონიკიძესთან ერთად მანამდე დაყარა ხმები, რომ ილიას მოკლავდნენ.

- ეს ის მომენტებია, რომლებიც ჩადებული იქნება ფილმში. რაც შეეხება იმას, რამდენად იყვნენ ამ საქმეში გარეული სოციალ-დემოკრატები, ცნობილია, რომ სოციალ-დემოკრატები იმთავითვე უარყოფითად იყნენ განწყობილნი ილიას მიმართ და, შესაბამისად, მათი კვალი აღინიშნება მის მკვლელობაში.

სხვათა შორის, სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა-  ნოე რამიშვილმა ილიას მოურავი - დიმიტრი ჯაში საპატიმროდან გამოაყვანინა და ილიას მკვლელობის გამო, მას შეურაცხმყოფელი სიტყვები უწოდა, ბოლოს კი სილა გააწნა. რამდენად გულწრფელად გეჩვენებათ მისი საქციელი, თუ, მას უბრალოდ, იმის გადაფარვა უნდოდა, რაც რეალურად მოხდა?

- უამრავი ვერსია არსებობს ამის შესახებ. მათ შორის, ის ვერსიაც, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შეიპყრო ბერბიჭაშვილი და იგი შემდეგ გაათავისუფლა - როცა დრო მოვა, მისი ჩვენება გამოგვადგებაო. ამის შესახებ ქაქუცას თანამებრძოლი-  ალექსანდრე სულხანიშვილი მოგვითხრობს. სხვა უამრავი მოგონება არსებობს, რომლის მიხედვითაც, ვინმე იმერელი იყო სერგო ორჯონიკიძე.

ასევე, სტალინის კვალის შესახებაც იყო საუბარი.

- დიახ, და ეს უამრავი ვერსია გაანალიზებულია. მათ შორის, ისიც, თუ რისთვის დასჭირდა სტალინს ილიას სახელის რეაბილიტაცია და ა.შ.

თუკი თქვენი ვერსია გახმიანდება, მეტ-ნაკლებად ფარდა აეხდება წიწამურის ტრაგედიას და ამ ბურუსით მოცულ მკვლელობას?

- ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გამოვიძიეთ. ილიას მკვლელობიდან იმდენი ხანია გასული, რომ ზედმეტია შემთხვევის ადგილის დათვალიერება, არც ცოცხალი მოწმეები არსებობენ. ამიტომ, ჩვენი წყარო, ძირითადად, საარქივო მასალა და ის დოკუმენტებია, რომლებიც შემოგვრჩა. შესაბამისად, ამ ახალი ვერსიის მდგრადობაც ასეთი ბაზისიდან გამომდინარეობს. მე ვფიქრობ, საკმაოდ რეალური ბაზაა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, დანარჩენი, ისტორიკოსებმა განსაჯონ.

რაც შეეხება მაშინდელ სასამართლო პროცესს, ბევრ მკვლევარს ამის შესახებ კითხვები დღემდე აქვს. თითქოს, ამ საქმის სამართლიანი გამოძიებით თავად სტალინი იყო დაინტერესებული.

- ეს სასამართლო პროცესი 1941 წელს შედგა, კომუნისტების პერიოდში და სტალინის დროს. მკითხველმა განსაჯოს, რამდენად რეალისტური იქნებოდა ეს სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს სრულყოფილად არ მოიცავდა დამნაშავეთა წრეს.

და ბოლოს, ფილმში მოწვეული მსახიობების შესახებ რას იტყვით?

- მსახიობი კოტე თოლორდავა ილიას როლს შეასრულებს, გივი ბერიკაშვილი მეურმის როლში წარმოგვიდგება. სხვათა შორის, საკმაოდ ემოციური და სენტიმენტური დატვირთვა ექნება მათ შეხვედრას და ფილმის ფინალშიც ნახავთ ბატონ გივის. წამყვანი და, ამავე დროს, გამომძიებელი არის ზაზა იაქაშვილი, ნანუკა ხუსკივაძე ოლღას როლში იქნება. ასევე, ფილმში მონაწილეობენ პაატა მხეიძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, შალვა ანთელავა. მომავალში სხვა პროექტებსაც ვგეგმავთ, მაგრამ ამ ეტაპზე, მთელი კონცენტრაცია ამ ფილმის მიმართ გვაქვს. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გავიარეთ, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და ყველას ერთი სურვილი გვაქვს, როდის დავასრულებთ ამ პროექტს. ამ ახალმა ვერსიამ დაჩრდილა გროტესკული ხერხები, რაზეც გესაუბრებოდით. ფილმის დასრულებას წლის ბოლოს ვვარაუდობთ და პრემიერაც იმ პერიოდისთვის შედგება.