უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელსაც სურს არჩევნებში დონალდ ტრამპის მონაწილეობა არ დაუშვას, არ შეუძლია უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობა გააკრიტიკოს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელსაც სურს არჩევნებში დონალდ ტრამპის მონაწილეობა არ დაუშვას, არ შეუძლია უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობა გააკრიტიკოს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელსაც სურს არჩევნებში დონალდ ტრამპის მონაწილეობა არ დაუშვას, არ შეუძლია უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობა გააკრიტიკოს.

აშშ-ის საშინაო პოლიტიკის უახლეს მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა წევრს სთხოვა, უნგრეთის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ლექციები გვერდზე გადადონ.

„ამიერიდან ჩვენ არ გვსურს მოვისმინოთ ამერიკელების საუბარი იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს აქ [უნგრეთში] დემოკრატია, როგორ ფუნქციონირებენ [სახელმწიფო] ინსტიტუტები ან კანონის უზენაესობა, რადგან თუ ისინი დაუშვებენ ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კანდიდატის საარჩევნო რბოლიდან ჩამოშორებას, მაშინ ჩვენ არ მივიღებთ არანაირ კრიტიკას ამ ქვეყნის მხრიდან ჩვენი პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების შესახებ“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან ჩამოშორება ძალიან ცუდი ამბავი იქნება, რადგან მას შეიძლება ენდო, როდესაც საქმე ეხება მშვიდობის დამყარებას, ვინაიდან ის ერთადერთი იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ვინც შეძლო ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დამშვიდება.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ძალიან სწრაფად დამყარდებოდა მშვიდობა ჩვენს სამეზობლოში. ასევე დარწმუნებული ვართ, რომ დონალდ ტრამპი რომ დარჩენილიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტად, ეს ომი [უკრაინაში] არ იქნებოდა. ასე რომ, ჩვენთვის, ვინც მშვიდობის მომხრენი ვართ, ძალიან ცუდი ამბავი იქნება თუ აშშ-ში მცდელობები საპრეზიდენტო კანდიდატის გამორიცხვის მიზნით წარმატებული იქნება“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.