ევროპიდან უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტები, მათ შორის, განსაკუთრებით ისეთების, როგორიც ბატონი ბორელია, არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ჩვენ ამ დროს დეტალურად ძალიან ბევრ საკითხს გავდივართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან ევროკომისარ ჟოზეფ ბორელის თბილისში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ შეხვედრებისას განსახილველ თემებზე.
მდინარაძის თქმით, ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია თითქმის, შეასრულა. მდინარაძემ განმარტა, რომ დეპოლარიზაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულება ცალმხრივად შეუძლებელია.
„ჩვენ როდესაც თითქმის, ყველა რეკომენდაცია შესრულებული გვაქვს და ბოლოში გავდივართ, მათ შორის დეპოლარიზაციის რეკომენდაციის შესრულება ცალმხრივად შეუძლებელია და მივანიშნებთ, თუ რატომ ვერ სრულდება ეს რეკომენდაცია. ამიტომ, მოგვიწევს და გვიწევს „თითქმის“ ამ ტერმინით საუბარი.
სხვა თემებთან დაკავშირებით: სასამართლოსთან, ცესკოსთან დაკავშირებით ახლა ვმუშაობთ და რეკომენდაციების შესრულებაში ბოლო შტრიხები შეგვაქვს და ამ დროს, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები უმკაცრეს შეფასებას დებენ, კერძოდ, 3 რეკომენდაციას სრულად შესრულებულად თვლიან და დანარჩენ რეკომენდაციებს - ნაწილობრივად და ასე შემდე, ჩვენ ნაწილობრიობასთან გვაქვს ჩვენი ხედვები, პრეტენზიები და არგუმენტები, ამ დროს კი მესამე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია ზოგი 2-ის შესრულებას იძახის, ზოგი - ერთსა და ზოგი - არცერთს.
წარმოიდგინეთ, მკაცრი ჟიური აფასებს გაცილებით კარგად, ვიდრე - შენი ქვეყნის პრეზიდენტი. შემდეგ უკვირს ევროპაში წასვლაზე თანხმობა არ მომცეს, რათა ქვეყანა წარმომედგინაო. ეს არის რეალობა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ბატონ ბორელთან აუცილებლად გვექნება გულწრფელი საუბრები. ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდებით და როდესაც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ვაითუ დაიღუპნენ და მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაშინ ის მაინც ჩაიწეროს, რომ პირულად ძალიან არ დაზიანდნენ, ხალხმა მიიღო და არა ხელისუფლებამ. წარმოიდგინეთ, რა მდაბიო კამპანიამდე არიან დასულები“, - განაცხადა მდინარაძემ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. ჟოზეფ ბორელი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაგეგმილია პრესკონფერენცია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს პარლამენტშიც.