დღეს უფრო მეტი ლუსტრაცია ხდება იმის, რაც მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ ჩაიდინა და ალბათ საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დასკვნას გააკეთებს ამ ფაქტის შემდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მრავალი რაიონის, მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარიას პარტია, რომელიც არის „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში, მაინც საუბრობს იმაზე, რომ რაღაც სხვა ალიანსები არსებობს. თვითონ არიან კოალიციაში და სხვა, წარმოსახვით ალიანსებზე საუბრობენ. ამ დროს მათი პასუხი ძალიან აინტერესებს საზოგადოებას, მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას იტყვის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს რაღაც საერთო ნარატივი, რაც მაშინ იყო, თითქოს უკანონო დაკავება იყო მელიასი და ამიტომ სიმართლის მღაღადებელმა გახარიამ მიატოვა თავისი გუნდი. ეს ღალატი კი არ იყო უბრალოდ, სიმართლისთვის მიატოვა გუნდი. ეს სიმართლეც თურმე არ არის სიმართლე, ტყუილია. ყველაფერი სპეკულაცია იყო და მისი გადადგომა იმ ფეიკ-კამპანიას, რომელიც დღეს სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, აძლიერებდა, მეტი არაფერი. ადამიანის მიერ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მიერ გუნდის ღალატი იმ ნარატივის გასაძლიერებლად, რომლის ნარატივიც აგერ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აბსოლუტურად ტყუილი იყო, დღეს კიდევ უფრო ხელის გულზე ჩანს. დღეს უფრო მეტი ლუსტრაცია ხდება იმის, რაც მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ ჩაიდინა და ალბათ საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დასკვნას გააკეთებს ამ ფაქტის შემდეგ“,- აღნიშნა მდინარაძემ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.