უკვე მერამდენედ მტკიცდება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა კანონის შესაბამისად მოქმედებს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა ისიც, რომ პრემიერ გახარიას გადადგომისას საქართველოს მართლმსაჯულება კანონს არ არღვევდა, პირიქით კანონის ბოლომდე აღსრულების ვალდებულება ჰქონდა.
„უკვე მერამდენედ მტკიცდება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა კანონის შესაბამისად მოქმედებს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს არ მარტო რადიკალური ოპოზიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და იმას, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი და მოქმედებდა მხოლოდ კანონის შესაბამისად. აგრეთვე გვიჩვენებს იმასაც, რომ იგივე პრემიერ გახარიას გადადგომისას თურმე საქართველოს მართლმსაჯულება არ არღვევდა კანონს, კანონს სჭირდებოდა ბოლომდე მიტანა და აღსრულება და რისი შესაძლებლობა და ვალდებულებაც ჰქონდა ბატონ გახარიას. მაგრამ მან არჩია ის გზა, რასაც სამწუხაროდ ის დღეს მიუყვება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.