არ გავუშვებ შანსს ხელიდან და კიდევ ერთხელ გადავუხდი აშშ-ს მადლობას, რომ იქ მოქმედებს „რუსული კანონი“. სწორედ ეს „რუსული კანონი“ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პერიოდულად მივიღოთ ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ მავნებლური ქმედებების თაობაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა „ფარას“ ახალ დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიასთან კავშირში მყოფმა ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტში შეკვეთილი შეკითხვა დასვა.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერმა ფასი დაკარგა. ადრე გვახსოვს, რომ მაგალითად თეთრი სახლის კონფერენციაზე გაჟღერებული კითხვა იყო ღირებული და პასუხიც ღირებული იყო. ახლა ფულით ყიდულობენ ყველაფერს, თუ უნდა რამის დალაგება გლობალური ომის პარტიას, ნებისმიერი ინტერვიუ, კითხვა-პასუხი, განცხადება შეიძლება დაალაგოს, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. ყველას გვახსოვს იგივე სააკაშვილთან დაკავშირებით კამპანია, ერთი და იგივე ტყუილი, რომ სააკაშვილი მოწამლეს, უცებ გავრცელდა ამ ლობისტური კონტრაქტების საფუძველზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არაფერს ფასი აღარ აქვს, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რაც ძალიან ცუდია. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი და მომზადებული, რომ ასეთ ტყუილებზე და სპეკულაციებზე არ წამოეგოს.
მათ [რადიკალურ ოპოზიციას] აქვთ გლობალური ომის პარტიის იმედი, რომ ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს. ამის რესურსი აქვს ნაწილობრივ ომის პარტიას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს ვერავითარი პრობლემა ვერ შეექმნება“, - აღნიშნა კობახიძემ.
დავით კეზერაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიასთან კავშირში მყოფმა ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტში მორიგი შეკვეთილი შეკითხვა დასვა. კითხვა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეხებოდა და ჟურნალისტმა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსი უწოდა. ლობისტურ კომპანიასთან ალექს რაუფოღლუს თანამშრომლობა „ფარას“ ახალი დოკუმენტებით დადასტურდა.