აქ ჩამოსვლით ჟოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ საქართველოს არა მხოლოდ ყველა გამოცდა აქვს ჩაბარებული, არამედ მორალურადაც ეკუთვნის უკვე კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, მან [ბორელმა] კარგად იცის, ჩვენი დელეგაციების მხრიდან და ზოგადად, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აქ ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ საქართველოს არა მხოლოდ ყველა გამოცდა აქვს ჩაბარებული, არამედ მორალურადაც ეკუთვნის უკვე. განწყობაც აქ ისეთია, საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოების, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ დამსახურებულად უნდა მიიღოს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს ხვალ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი იქნება.