უკრაინა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელის შეტანით იმუქრება, თუ უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის აკრძალვა არ გაუქმდება. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ ამერიკულ გამოცემა POLITICO-ს განუცხადა.
„პოლონეთისადმი სრული პატივისცემით და მადლიერებით, [15 სექტემბრის] შემდეგ რაიმე აკრძალვის დაწესების შემთხვევაში, უკრაინა პოლონეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წარადგენს“, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ.
მისი თქმით, ოფიციალური კიევი არ აპირებს დაუყოვნებლივ მიიღოს საპასუხო ზომები, უკრაინასა და ევროკავშირს შორის „მეგობრობისა და სოლიდარობის სულისკვეთების“ გათვალისწინებით, თუმცა დასძინა, რომ სისტემური საფრთხე უკრაინის ინტერესებისთვის „გვაიძულებს ეს საქმე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადავცეთ“.
მან ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება ფასების გადახრის ან მარცვლეულის მარაგების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ, რაც გაამართლებდა ექსპორტის შეზღუდვების გაფართოებას.
25 აგვისტოს, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი მხარს უჭერენ წლის ბოლომდე უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივებას.
22 აგვისტოს, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, 15 სექტემბრის შემდეგ გაახანგრძლივოს უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა.