შარდენის ქუჩაზე სანდრო გირგვლიანის დედას ძეგლს დაუდგამენ

შარდენის ქუჩაზე სანდრო გირგვლიანის დედას ძეგლს დაუდგამენ

2006 წლის 2 მაისს კორტებთან განხორციელებული სპეცოპერაციისას მოკლული ლევან ვაზაგაშვილის მამის იური ვაზაგაშვილის ორგანიზებით, 29 სექტემბერს აქცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა შემთხვევების დროს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მიიღებენ.

აღნიშნული აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლების შეცვლისა, ქვეყანაში ამჟამინდელი მმართველი კოალიციის ერთ-ერთი მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა ჯერ კიდევ არ მომხდარა, რადგან გახმაურებეული საქმეების ნაწილი ისევ გამოუძიებელია და არც დამნაშავეები დასჯილან სათანადოდ.

სამართლიანობის აღდგენის და მისი შემაფერხებელი საკითხების თემაზე For.ge-ს ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, თბილისში, შარდენის ქუჩაზე, 2006 წლის 28 იანვარს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ძეგლი დაიდგმება და ეს რეჟიმთან ბრძოლის მსხვერპლთა სიმბოლო იქნება.

- რასაკვირველია, ვაზაგაშვილსაც, გირგვლიანის მამასაც და სხვა ბევრსაც, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვთ და ალბათ, ამიტომაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელშიც მეც შევდივარ, გადაწყვიტა, რომ ირინა ენუქიძეს ძეგლი დავუდგათ. ამ ნაბიჯით გვინდა, რომ ძეგლი დავუდგათ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა. შეიძლება არჩევნებამდე ვერ მოესწროს, მაგრამ უახლოეს მომავალში გაკეთდება. ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

ვის ეკუთვნის აღნიშნული ინიციატივა და სად იგეგმება ძეგლის დადგმა?

- ეს ინიციატივა ეკუთვნის „სამოქალაქო სოლიდარობას“ და კერძოდ, მისი გამგეობის თავმჯდომარეს ბესო ხარზიანს. ვფიქრობთ, რომ ძეგლს ძველ თბილისში, შარდენის მიდამოებში დავდგამთ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ქალაქის მერიის ხელმძღვანელობის პოზიციაც გასათვალისწინებელია. ისე, საინტერესოა, რა ნებართვას მოგვცემენ მერიიდან, სად უნდა დავდგათ ეს ძეგლი. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ მემორიალური ქვა, რომელიც სპორტის სასახლესთან იდგა, მოიპარეს. ამ ძეგლის მოპარვის და გაფუჭების საშუალებას არავის მივცემთ.
რა იქნება ამ ძეგლის ძირითადი დატვირთვა?
- დატვირთვა ისაა, რომ ეს იქნება ძეგლი-სიმბოლო. ეს არ არის კონკრეტული პიროვნების, თუმცა კონკრეტულ პიროვნებაზეც გაკეთდება აქცენტი და ეს იქნება ირინა ენუქიძე. ეს არის რეჟიმთა ბრძოლის მსხვერპლთა და რეჟიმთან მებრძოლთა სიმბოლო.
სავარაუდოდ, როდისთვის იგეგმება პროექტის განხორციელება და მუშაობის რა ეტაპზე ხართ ახლა?
- ახლა მიდის მუშაობა. მოქანდაკე ჯერ არ არის შერჩეული და ორი მიმართულებით მიდის მუშაობა - მოქანდაკის მოძიება და მატერიალური სახსრების მოძიება.
***

შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება 2011 წლის 26 აპრილს გამოიტანა და სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გარდაცვლილი გირგვლიანის დედა გამოძიების პირველად ვერსიას თავიდანვე უნდობლობას უცხადებდა და დიდი ხნის განმავლობაში ყოფილ ხელისუფლებას და მაღალჩინოსნებს ღიად უპირისპირდებოდა.

ირინა ენუქიძე რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, 2007 წლის 24 აგვისტოს გვიან ღამით, დაახლოებით ორის ნახევარზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე მოათავსეს და მას სავარაუდოდ, პანკრიასის ჯირკვალზე სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდნენ.