არ შეიძლება მსჯელობა, რომელი მუხლი უფრო მნიშვნელოვანია, ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია - კონსტიტუციის მუხლი არის კონსტიტუციის მუხლი. ჩვენ შეიძლება პოლიტიკური მხარე განვიხილოთ სხვანაირად, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ეს არის ჩვენ მიერ ჩაწერილი მუხლი, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა ჩვენი ევროპული კურსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე. სულ რომ დარწმუნებული იყოს მთავრობა, რომ კარგი საქმისთვის მიდის პრეზიდენტი, თუ მას რისკების განსაზღვრა აძლევს იმის საშუალებას, რომ შეიძლება რაღაც რისკი იყოს მის (პრეზიდენტის) „ვორდინგში“, მის პოლიტიკურ წარმომადგენლობაში უცხო ქვეყნებში, ამიტომ არ მისცეს თანხმობა, ეს არ არის პრეზიდენტის საქმე, ეს არის მთავრობის საქმე და მთავრობას შეუძლია თქვას - არა. პრეზიდენტი პირდაპირ ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს, როდესაც ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს.
ფაქტობრივი მოცემულობა 52-ე მუხლთან გვაქვს, რომ პრეზიდენტი წავიდა მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს უზენაესი კანონი. აქედან გამომდინარე - ამ მუხლების შეპირისპირება იურისტებისთვის სასაცილო ამბავია. ძალიან უხეში ინტერპრეტაციაა 78-ე მუხლთან დაკავშირებით, რადგან საქართველო ევროპული მომავლისათვის ყველაფერს აკეთებს, ხოლო 52-ე მუხლი ტექნიკურ დონეზეც კი მარტივად ჩანს, რომ დარღვეულია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტების მომზადება 6 სექტემბრამდე დასრულდება და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარედგინება. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს, რის შემდეგაც დოკუმენტებს შესაბამისი დასკვნისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგენენ.