„წინა ხელისუფლებას სურდა, ექიმები დათრგუნულები და გაჩუმებულები ყოფილიყვნენ“

„წინა ხელისუფლებას სურდა, ექიმები დათრგუნულები და გაჩუმებულები ყოფილიყვნენ“

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროექტ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა.

პირველ რიგში, მან იაშვილის კლინიკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაჯამა და აღნიშნა, რომ იაშვილის კლინიკის საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს. საუბარია ლიცენზირებისა და ნებართვების პირობების დარღვევაზე. ამ ეტაპზე მინისტრისთვის მთავარია, აღნიშნული დაწესებულების მუშაობას შეფერხება არ შეექმნას.

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს საკმაოდ მრავლად იყო შემთხვევები, როცა რიგ დაწესებულებებში ახალი მყიდველი ვერ, ან არ ასრულებდა თავის მოვალეობებს. ხელშეკრულების თანახმად, ეს დაწესებულებები უბრუნდებოდა სახელმწიფოს, რომელიც მათ აუქციონის წესით ისევ ასხვისებდა. ამგვარად ხდებოდა ორ-სამ ნაბიჯიანი გასხვისებები, რამაც ისეთი კასკადის ხასიათი მიიღო, რომ აბსოლუტურად ყველა კონტრაქტი კითხვებს ბადებს.

კონკრეტულად, დავით სერგეენკომ ისაუბრა ყოფილი 31-ე ქარხნის საავადმყოფოზე (იმავე რეფერალურ საავადმყოფოზე), სადაც ათეულობით ცალკეული საეჭვო ნაბიჯი გადაიდგა და იმდენად „ახლართულია“ მოძრავი თუ უძრავი ქონება, საიჯარო დოკუმენტები, რომ პრაქტიკულად, „ქალაქის აღმოსავლეთის ჭიშკრის“ ბედი ბეწვზეა ჩამოკიდებული. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ვალდებულებითი ვაკუუმი იქმნებოდა და არავინ იღებდა საკუთარ თავზე ვალდებულებებს თუ სახელფასო დავალიანებებს. ამდენად, მთელი რიგი ახალი საავადმყოფოების გახსნის მიუხედავად, ამან სისტემური პრობლემა შეუქმნა ქართულ სამედიცინო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას.

თუმცა კერძო სამკურნალო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ მოსაგვარებლად კლინიკების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება სულაც არ არის აუცილებელი. მისი თქმით, არ შეიძლება, სახელმწიფოსთვის წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდეს, რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას კერძოა, თუ სახელმწიფო საკუთრება. მთავარია, კლინიკა თავის ფუნქციებს კარგად ასრულებდეს.

რაც შეეხება იაშვილის კლინიკის თურქი მეპატრონის შესახებ უკვე სკანდალურად ქცეულ თემას, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თურქი ეროვნების ადამიანი არანაირ მფლობელობასა და მართვაში არ ფიგურირებს. თუმცა, ამ ეტაპზე, მინისტრს არ შეუძლია, დააკონკრეტოს, გახდება თუ არა იაშვილისა და სხვა პედიატრიული კლინიკის მეპატრონე თურქულ-გერმანული კომპანია. მისთვის მთავარია, პოტენციური მეპატრონეების რესურსი, ხედვა და, ასევე, იმის გარკვევა, თუ რა დოზით აპირებენ ისინი ქართულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობას. სწორედ ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორები საიმისოდ, ქართული მხარე ითანამშრომლებს თუ არა რომელიმე კომპანიასთან.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეს არის კერძო საკუთრება და მესაკუთრეს მისი გასხვისება შეუძლია ისე, რომ არავის ჰკითხოს. სხვათა შორის, სერგეენკომ არც ის დამალა, რომ იაშვილის კლინიკის ყოფილი მეაპტრონე მათ უთვლიდა, კლინიკის გაყიდვის შესახებ რატომ უნდა შევეკითხო სერგეენკოსო, თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ არსებობს კანონი და სამართალი და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომლითაც, თუკი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის მოსახლეობას, განსაკუთრებით, ბავშვთა ჯანმრთელობას, საფრთხე შეექმნება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ეს მიდგომები კი ჯანდაცვის სისტემას ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება.

გარდა ამისა, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არაფრით შეიძლებოდა, წინა ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემას მოქცეოდა ისე, როგორც მოექცნენ. აღნიშნული საავადმყოფოც ისე გაყიდეს, არავის არაფერი ჰკითხეს. თუმცა ქართულ მხარეს არ ჩაუტარებია რაიმე სპეციალური მოძიება ამ თურქული კომპანიის შესახებ, უბრალოდ, მათი საქმიანობის ირგვლივ ინფორმაცია ისევ და ისევ თურქულ პრესაში გამოჩნდა. ამის მიუხედავად, მინისტრი კატეგორიულია, რომ არ დაუშვებს სერვისების შეფერხებას.

საყოველაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გადაუდებელი მკურნალობის დროს პაციენტს რეგისტრაციის მიზნით არსად მისვლა არ სჭირდება. 28 თებერვლიდან ეს პროგრამა ამოქმედდა და ადამიანს შეუძლია, პირდაპირ მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ელექტრონულ რეგისტრაციასთან ერთად, მას დახმარებას აღმოუჩენენ, რათა სამედიცინო ჩარევის გარეშე უახლოესი 48 საათის განმავლობაში მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

რაც შეეხება გეგმიურ სერვისებს, მინისტრის თქმით, ამაში მათ სამ ეშელონიანი დაცვის მექანიზმი ჩადეს: გადაუდებელი მომსახურება, ასევე, არის მეორე კატეგორია, როცა პაციენტმა სამედიცინო ჩარევა უნდა მიიღოს 5-6 დღის განმავლობაში და, ასევე, მესამე კატეგორია - გეგმიური სერვისი, რაც საქართველოში მაქსიმამუმ ოთხი თვით განისაზღვრება, თუმცა მინისტრის თქმით, ამ მომსახურების გაწევა ჩვენში ორთვიან პერიოდს არ აჭარბებს.

მწირი დაფინანსების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ახლობლების მიერ გამოთქმულ პროტესტთან დაკავშირებით, მინისტრი აცხადებს, რომ პროტესტის გამოთქმა დემოკრატიული სახელმწიფოს ხელშეუხებელი უფლებაა. თუმცა ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის. მით უმეტეს, ზოგიერთი ამას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად.

მინისტრის განმარტებით, აქამდე ასეთი ბავშვებისთვის ძირითადი პენსია და მომვლელის თანხა (22-დან 30 ლარამდე) გაიცემოდა. 2012 წლის ივლისის დადგენილებით, ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, მომვლელის თანხა დაემატა პენსიას და მათ პენსია გაეზარდათ. თუ აქამდე ეს ადამიანები მაქსიმუმ 132 ლარამდე პენსიას იღებდნენ, ახალი ცვლილებით, პენსია ყველასთვის 150 ლარამდე გაიზარდა. უბრალოდ, ზოგიერთს პენსია 50 ლარით მოემატა, ზოგს - 20 ლარით, ზოგს კი - 8 ლარით და გათანაბრდა მათი პენსიები. სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება.

მინისტრი წინა წლებში პაციენტების გახშირებული სიკვდილიანობის ფაქტებსაც შეეხო, რასაც საინფორმაციო გამოშვებები დიდი მონდომებით აშუქებდნენ. მართალია, ასეთმა გაშუქებებმა ამჯერად იკლო, მაგრამ დავით სერგეენკოს თქმით, ეს ტრაგიკული შემთხვევების შემცირების გამო არ მომხდარა. უბრალოდ, გარდაცვალების რეალური სტატისტიკა აქამდე არ არსებობდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გარდაცვალების შესახებ მონაცემებს საჯარო რეესტრიდან მოიპოვებდა.

„საქართველოში გარდაცვალების მიზეზის 40% არის ცოდნის გარეშე. დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობაც ამის მკაფიო მაგალითია და ჩვენ არ ვიცით, ეს მონაცემები შემცირდა თუ არა, რადგან დედების შემთხვევაში, შარშან რეალური ციფრები არ ჩანდა. ჩვენ გამოვიმუშავეთ ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიული სისტემა, რომელსაც ვადარებთ წინა წლების ტრადიციულ სისტემას. თუ არსებული მონაცემებით, პირველი ექვსი თვის განმავლობაში მშობიარობის დროს გარდაიცვალა შვიდი დედა, ჩვენი ოპერატიული არხით, ეს რიცხვი 14-ია. ამდენად, დიდი ალბათობით, წინა წლებში გარდაცვალების შემთხვევების რეალური სურათი არ იდებოდა. რაც შეეხება წინა წლებში მედიით გაშუქებულ ტრაგიკულ ფაქტებს, ახლა მათი გაშუქების შემთხვევები შემცირებულია, რადგან ეს იყო პოლიტიკური აქცენტი, რათა ექიმები დათრგუნულები და გაჩუმებულები ყოფილიყვნენ, ახლა კი ეს სტრესი მოიხსნა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მანვე საჩხერის საავადმყოფოში მუშაობის ფაქტი გაიხსენა, როცა ერთ-ერთ მეან-გინეკოლოგს გაუთავებლად ბრალს დებდნენ და ყოველდღიურად მზადდებოდა სიუჟეტები, რომ თურმე მისი მიზეზით გარდაიცვალა ახალშობილი. თუმცა სამინისტროდან ჩასულმა კომისიამ ეს ფაქტი არ დაადასტურა. ამის მიუხედავად, სტრესის გამო ამ მეან-გინეკოლოგმა, ფაქტობრივად, ნახევარი სიცოცხლე დაკარგა.

ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, ხარისხის კონტროლის დანერგვა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ეს პროცესი საერთაშორისოდ მიღებული სისტემის დანერგვით უკვე წლის ბოლოს, ან მომავალი წლიდან დაიწყება.

და ბოლოს, მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1-ლი ივლისიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 68 854 მოქალაქემ ისარგებლა. მათ შორის, ამბულატორული მომსახურება 48 063 პაციენტმა, ხოლო სტაციონარული მომსახურება 20971 მოქალაქემ მიიღო.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება 45 434 პაციენტს გაუწიეს, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება კი 10296 პაციენტმა მიიღო. გეგმური ქირურგიული მომსახურების სერვისი 2523 პაციენტს გაეწია, კარდიოქირურგიული სერვისი - 239 პაციენტს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 5601 ფიზიოლოგიური მშობიარობა და 2787 საკეისრო კვეთა ჩატარდა. ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის სერვისით 1902 პაციენტმა ისარგებლა.