For.ge-ს რედაქციაში არ წყდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალი დირექციით უკმაყოფილო პედაგოგთა თუ მშობელთა ნაკადი. ამჯერადაც მათი მორიგი ტალღა კიდევ ერთხელ გვეწვია საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
მათ თავიანთი მოთხოვნა სამ ნაწილად ჩამოაყალიბეს: “გაუქმდეს ტურნიკეტები, რომლებიც ახალმა დირექტორმა, ქეთევან ფეიქრიშვილმა სასახლეში შესული და სასახლიდან გასული ბავშვების გასაკონტროლებლად დაადგმევინა, რადგან სასახლე ციხე არ არის; ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია და გამოაშკარავდეს ახალი დირექციის სიცრუე”. თუკი ეს მოთხოვნები უმოკლეს ვადაში არ დაკმაყოფილდება, სასახლის კოლექტივი, მშობლებთან ერთად, რადიკალურ ზომებს მიმართავს, მათ შორის, - საპროტესტო აქციებსაც.
მათი თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ყოველთვის ხელისუფალთა ინტერესის სფერო გახლდათ. ჯერ იყო და, სასახლის ხელში ჩასაგდებად მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა იბრძოდნენ, ნინო ანანიაშვილისთვის უნდოდათ მისი გადაცემა. თუმცა ვერაფერს მიაღწიეს, რადგან მთელი საქართველო ფეხზე დადგა. ამის შემდეგ უგულავამ მათგან ფარულად სასახლის ლიკვიდაცია მოახდინა და პედაგოგებს წაართვა სტატუსი, რის შემდეგაც ისინი უბრალო მუშაკები გახდნენ.
თუმცა, ერთიც კია - თუ მანამდე სასახლის ბიუჯეტი 900 ათასი ლარი იყო, უგულავას ხელში ბიუჯეტი გაიზარდა და მილიონ ნახევარი ლარი გახდა. ცხადია, ამ თანხით სასახლეს თავისუფლად შეეძლო არსებობა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე გადაამისამართეს სპორტის სამინისტროზე; მაშინ ლადო ვარძელაშვილი იყო მინისტრი, რომელმაც სასახლელთა ინფორმაციით, თავისი ყოფილი ცოლის მეჯვარე დანიშნა სასახლის დირექტორად- ლიკა მეღვინიშვილი. იგი თითქმის ერთი წელი კაბინეტიდან არ გამოსულა და კოლექტივის დაშლას ცდილობდა; ტესტირება და მოკლე დროში გამოცდების ჩაბარება მოითხოვა. ამასობაში „ქართულმა ოცნებამ“ მოუსწრო პედაგოგებს, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, დიდი სიხარულით ელოდნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას.
თუმცა ახალმა დირექტორმა - ქეთევან ფეიქრიშვილმა ნაციონალების მიერ დაარსებული სამმართველოები კიდევ უფრო „გაბერა“, სადაქალო-საძმაკაცოდან 40-მდე ადამიანი მიიყვანა სასახლეში და დაასაქმა.
„ისინი არაპროფესიონალები არიან. ყველაზე ნაკლები, მათი ხელფასი 800 ლარია და ეს ხელფასები საკმაოდ სოლიდურია- 1500 ლარიდან ზემოთ -5500 ლარამდე. ამ დროს არანაირი დანიშნულება ამ სამმართველოებს და ამ ხალხს არ აქვს. ჩვენ გვყავს მხატვრული ხელმძღვანელი, ცნობილი რეჟისორი გოგი თოდაძე, რომელსაც მთელი საქართველო პატივს სცემს. პირველ თათბირზე ქეთევან ფეიქრიშვილმა გვითხრა, მე სასახლისთვის ყველაფერი კარგი მინდა და, ვინც არ გაიგებს, რაც მე მინდა და ხელს შემიშლის, თავებს წაგასხიპავთო“ ,- აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას პედაგოგებმა.
მათვე დასძინეს, რომ ახალი დირექცია მათ არაფრად თვლის, ჩაცმულობასაც უწუნებს, თითქოს თვითონ ელიტარულ საზოგადოებას განეკუთვნებოდნენ. დირექციასა და სასახლის კოლექტივს შორის კონტაქტი არ მყარდება, რაც სასახლისთვის უპრეცედენტოა.
პედაგოგებთან ერთად, სასახლის აღსაზრდელთა მშობლებიც აცხადებენ, რომ “ახალმა დირექტორმა მოსვლის დღიდანვე ბავშვებისთვის პირველ შესატანად ასი ლარი დააწესა. როცა პედაგოგებისგან უარს წააწყდა, უპასუხა, მე არ მჭირდება მათხოვრის შვილები. თუმცა მოგვიანებით ეს ნათქვამი გადათქვა, ასეთი რამ არ მითქვამსო”.
შემდეგ გადაწყვიტა ფონდ „ამაგდარის“ დაარსება. სასახლის ყოფილ აღზრდილებთან შეხვედრა მოაწყო და მოსთხოვა, თქვენ სასახლემ გაგზარდათ და ას-ასი ლარი უნდა შესწიროთო; ამ შეხვედრას ცნობილი მსახიობი გურამ ჯაში, სუხიშვილების მოცეკვავე ომარ მხეიძე და სხვებიც ესწრებოდნენ. თურმე, გადარეულა ომარ მხეიძე, ასეთი რამ არ გამიგია, სასახლეს ფული მოეთხოვოს ვინმესთვისო და, იქაურების თქმით, გინებით დაუტოვებია სასახლე. თუმცა დირექციის მხრიდან ფულის მოძიების სურვილი არ განელებულა. ფინანსთა მინისტრს, ხადურსაც მოსთხოვეს უშველებელი თანხა და ამის გამო დიდი ამბავი ატყდა. თანაც, როგორც სასახლის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ეს საქმე „შეაწერეს“ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს, ქეთევან ფეიქრიშვილის დაქალს; მოგვიანებით კი დირექციამ ხელები დაიბანა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო. ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი შეეწირა ამ ამბავს და სამსახურიდან გაუშვეს.
„ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის მიპატიჟება გადაწყვიტეს, რისთვისაც უამრავი თანხა დახარჯეს. სასახლის თანამრომლების თქმით, აქამდეც გამართულა სასახლეში სამთავრობო ღონისძიებები, მკაცრი შემოწმებაც ტარდებოდა და სასახლეც იკეტებოდა, მაგრამ ისეთი რამ, რომ სასახლის თანამშრომლებისთვის გამოჩენა აეკრძალოთ, არასდროს მომხდარა. იმ დღეს კი, ფაქტობრივად, სასახლე დაიკეტა, შეწყდა სასწავლო პროცესი, მარტო მონაწილე ბავშვები და მათი მშობლები დატოვეს, პედაგოგებს სასახლის ბაღში შესვლის ნებაც არ დართეს, რათა პატრიარქისთვის თვალი შეევლოთ. თუმცა გეგმა ნაწილობრივ ჩაეშალათ. პატრიარქი სასახლეში მიბრძანდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა; მიპატიჟებულმა ხალხმა, როგორც ჩანს, შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებდა მისვლას, ამიტომ არავინ ისურვა სასახლეში სტუმრობა. მხოლოდ კახა კუკავა, გია ცაგარეიშვილი და რეზო ჩხეიძე მივიდნენ“ - ყვებიან მშობლები და პედაგოგები.
როგორც პედაგოგები აცხადებენ, ცარიელი დარბაზის შესავსებად ქეთევან ფეიქრიშვილის მეუღლე, ჩეხეთში დღევანდელი ელჩი - ზაზა გოგსაძე თავად დარბოდა და სასახლის გარეთ მყოფ საზოგადოებას შენობის შიგნით ეპატიჟებოდა. საბოლოოდ ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვა მაინც წაიკითხეს, რომლის შინაარსიც ასეთი იყო - სასახლეს ამხელა დამსახურება მიუძღვის აღსაზრდელების თუ აღზრდილების წინაშე და ფული გვესაჭიროებაო.
ეს მაშინ, როცა იქაურების თქმით, ბანკეტების და ალა ფურშეტების მოწყობა კარგად ეხერხებათ, სასახლის გარეგნულად გალამაზებაც გამოსდით. უფრო მეტიც - არა მარტო დიდი ხელფასები დაუნიშნეს თავიანთ ხალხს, არამედ ცალკე კაბინეტებიც მოუწყეს სასახლის დიდი ოთახების გადატიხვრის ხარჯზე, საიდანაც სასახლის თანამშრომლები გაიყვანეს.
„სასახლე ის ორგანიზმია, სადაც ნებისმიერი ბავშვი თავისუფლად უნდა შედიოდეს და გადიოდეს. ქეთევან ფეიქრიშვილს კი ტურნიკეტებისთვის ჯერ ასი ლარი სჭირდებოდა, შემდეგ 50 ლარზე ჩამოვიდა. მას უნდოდა, სასახლე კერძო ელიტარულ ორგანიზაციად გადაექცია. ამის წინააღმდეგნი ვიყავით, მოიწვია თათბირი და გვითხრა, ახლა არანაირი კითხვები აქ იქნება, ჩემს სათქმელს მოგახსენებთო. ერთმა-ორმა პედაგოგმა სცადა შეპასუხება, მაგრამ კითხვის დასმის საშუალება არ მისცა. დაგვპირდა, იმ ხალხს, ვისაც პატარა ხელფასი აქვს, ხელფასი 60 ლარამდე გაეზრდება; ხოლო 2014 წლის შემდეგ, თუკი ბიუჯეტს დაგვიმატებენ, მაშინ ბიუჯეტის ხარჯზე გაგეზრდებათ ხელფასიო. იმითაც დაგვემუქრა, თუ დღეს ამ ტექსტს ხელს არ მოაწერთ, მაშინ ხელფასები ბიუჯეტის ხარჯზეც არ გაგეზრდებათო. ახლა იძახის, ზეწოლა არ მომიხდენია პედაგოგებზეო. განა ზეწოლა არ არის, როცა არ მაძლევს დისკუსიაში შესვლის უფლებას?! სამ წუთში ხუთჯერ შეცვალა ტექსტი. პირველ დღეს პედაგოგებმა ტექსტზე ხელი არ მოუწერეს, შემდეგ, ცხადია, დაბალი ხელფასის მქონე ხალხმა საკუთარ ჯიბეზე დაიწყო ფიქრი და იძულებით მოაწერეს ხელი ტექსტს („იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტი არ შეიცვლება, თანახმა ვარ, ვიმუშავო ჩემს არსებულ ხელფასზე, რაზედაც ხელს ვაწერ“), - აღნიშნეს სასახლის წარმომადგენლებმა.
მათივე თქმით, მომხდარის გამო დღეს ყველა ნანობს. თუმცა ახალი დირექტორი განსაკუთრებით ქორეოგრაფებს ემუქრება, ამოგიყრით ძველ საქმეებსო. მშობლებსა და პედაგოგებს აინტერესებთ, რომელ ძველ საქმეებზეა საუბარი, როცა ყველამ კარგად იცის, რომ ქორეოგრაფები თავიანთი ასლარიანი ხელფასით მთელი დღის მანძილზე 200 და 300 ბავშვთან ვერ იმუშავებდნენ. ამიტომაც თითო ბავშვისგან 40 ლარს იღებდნენ, რადგან ამით მუსიკოსის თანხაც უნდა გაესტუმრებინათ, ზედმეტი დარბაზიც ექირავათ, დამლაგებლისთვისაც ფული გადაეხადათ და ა.შ.
„მინისტრი ლევან ყიფიანი ცოტა შეშინებული იყო. დათმობაზე მიდიოდა, თუმცა სასახლის ახალმა დირექტორმა წაუღო ხელმოწერილი დოკუმენტები და უთხრა, რას მერჩით, კოლექტივი თანახმაა, ზეწოლა არ ყოფილა, ყველაფერი შეთანხმებით მოხდაო. სინამდვილეში, ეს იყო მოტყუება, იძულება და ასე მოაწერინა კოლექტივს ხელი. დაიანგარიშეს და რაღაც 15 ლარი ემატებოდათ პედაგოგებს ხელფასი იანვრიდან. თუმცა უფრო მეტიც რომ მოემატოთ, პედაგოგები თანახმა არ არიან, ბავშვების ხარჯზე მოიწყონ ცხოვრება. სასახლე თავისუფალი უნდა იყოს და ტურნიკეტები არავის უნდა. ციხე ხომ არ არის, რომ გამსვლელ და შემომსვლელ ბავშვებს აკონტროლებენ?!“ - აცხადებენ ჩვენი რესპონდენტები.
მათივე თქმით, დირექტორი კაბინეტის გამგეებს ცალ-ცალკე „ამუშავებს“ და მათ ფაქტის წინაშე აყენებს. ისინიც, სკამის დაკარგვის შიშით, სასახლის პედაგოგებს ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიან.
აქვე სასახლის წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილსაც პასუხობენ, რომელიც აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დაწესებულებები თურმე ფასიანი ყოფილა.
„ზურაბ აზმაიფარაშვილი ან ცრუობს, ან არ იცის, რომ მთელ მსოფლიოში, კაპიტალისტურ ქვეყნებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მსგავსი დაწესებულებები არ არსებობდა და, შესაბამისად, ვერც ფასიანი იქნებოდა, ვერც - უფასო. ასეთი ორგანიზაციები მხოლოდ საბჭოურ ქვეყნებში ფუნქციონირებდა და დღესაც პოსტსაბჭოთა ნებისმიერ ქვეყანაში-უკრაინაში, მოსკოვში, ვილნიუსში, ტალინში ამ დაწესებულებებს სახელმწიფო აფინანსებს“.
და ბოლოს, პედაგოგებისა და მშობლების მოსაზრება ასეთია, სასახლე არ არის ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტი. პირიქით, აქედან გამოდიან პატრიოტი ადამიანები, ამიტომ ეს ერთი ცენტრი სახელმწიფომ როგორმე უნდა შეინახოს. მით უმეტეს, რომ მშობლები ამ თანხას ვერ იხდიან და ბავშვების დინებაც შეწყდა. თუ აქამდე სასახლეში სწავლას ათასობით ბავშვი ეუფლებოდა, ახლა მხოლოდ უცხო ენებზეა სიჭარბე, რადგან მშობლებს მთელი წლის მანძილზე ერთჯერადი 50 ლარის გადახდა აწყობთ.
„სასახლის დირექტორმა წინასაარჩევნო პერიოდში აგიტაციის ჩატარება აგვიკრძალა. ჩვენ აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, მაგრამ არ გვაქვს უფლება, თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, რომ მარგველაშვილს ვუჭერთ მხარს?! ამ დროს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომებით გვემუქრება, სულ ახლახანს გვითხრა, მე ქალი კი არა, კაცი ვარ და ჩემს გადაფურთხებულს არ ავლოკავ და ჩემსას გავიტანო“,-აცხადებს სასახლის კოლექტივი.