ბოლო წლებში ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი გაორმაგდა

ბოლო წლებში ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი გაორმაგდა

[გიორგი ბექაური]

6 წელიწადში ადამიანის საშუალო ხარჯი საკმაოდ დიდი პროცენტით გაიზარდა. მაგალითად, თუ 2003 წელს ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯი 95,4 ლარს შეადგენდა, უკვე 2009 წლის მესამე კვარტალში ეს ციფრი, დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა და 139,4 ლარი შეადგინა (სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არათუ 2010 წლის, არამედ 2009 წლის საერთო მონაცემი ჯერ ისევ არ დევს). არადა, ზუსტად იმ პერიოდში ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი სულ რაღაც 127,3

ლარი იყო.

თუკი მხედველობაში მივიღებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, სავარაუდოა, რომ ერთი ადამიანის ხარჯი ამ ფარგლებში გაიზრდებოდა და ამჟამად 170-180 ლარის ფარგლებში იმერყევებს.

მართალია, აქ ხარჯებსა და მინიმუმს შორის სხვაობა მხოლოდ 12,1 ლარია, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ხარჯებზე დაბალია, ცხადია, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

მოკლედ, საქართველოში 2003 წელს ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯი, როგორც სამომხმარებლო, ასევე არაფულადი, შეადგენდა 95,4 ლარს. აქედან სურსათზე, თამბაქოს ნაწარმსა და სასმელზე ერთი ადამიანი თვეში 31,2 ლარს ხარჯავდა, ტანსაცმელზე - 3,8 ლარს, საოჯახო მოხმარების საგნებზე - 2,0 ლარს, ჯანდაცვაზე - 3,7 ლარს, სათბობსა და ელექტროენერგიაზე 5,3 ლარს,

ტრანსპორტზე - 5,9 ლარს, განათლებაზე, კულტურასა და დასვენებაზე

მხოლოდ 1,7 ლარს იმეტებდა, ხოლო სხვა სამომხმარებლო ხარჯებისთვის

დანახარჯი სულ 5,3 ლარი იყო.

რაც შეეხება არასამომხმარებლო ფულად ხარჯებს, სადაც სასოფლო-სამეურნეო ხარჯები, ქონების შეძენა დაზოგვა, ან გასესხება იგულისხმება, ამაში 2003 წელს ერთი ადამიანი სულ რაღაც 13,3 ლარს იმეტებდა.

უკვე 2004 წელს ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯები სულ რაღაც 5 ლარით გაიზარდა და ხარჯებმა საერთო ჯამში 100,2 ლარი შეადგინა. ამ წელს ადამიანი სურსათზე, თამბაქოსა და სასმელზე 34,8 ლარს ხარჯავდა, ტანსაცმელზე - 3,8 ლარს, საოჯახო მოხმარების საგნებზე - 2,4 ლარს, ჯანდაცვაზე - 4,1 ლარს, სათბობსა და ელექტროენერგიაზე 5,8 ლარს, ტრანსპორტზე - 6,2 ლარს, განათლებაზე, კულტურასა და დასვენებაზე მხოლოდ 1,7 ლარს იმეტებდა, სხვა სამომხმარებლო ხარჯებისთვის დანახარჯი კი სულ 6,1 ლარს შეადგენდა.

2005 წელს ერთი რიგითი ქართველის ხარჯებში მატება მინიმალური იყო და საერთო ჯამში 101,8 ლარი შეადგინა. ერთი წლის შემდეგ კი ერთი ადამიანის საერთო თვიურმა, როგორც სამომხმარებლომ, ასევე არასამომხმარებლო ხარჯებმა 110,1 ლარი შეადგინა, სადაც სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი 77,2 ლარი იყო. 2007 წელს ხარჯებმა კიდევ 10 პუნქტით მოიმატა და

საერთო ჯამში, 120,9 ლარი შეადგინა, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების ოდენობა კი 88 ლარამდე გაიზარდა. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ზრდა ძირითადად საკვები პროდუქტების, სათბობისა და ელექტროენერგიის ხარჯის მატებაზე ხდებოდა. თუ 2003 წელს კვებისთვის ადამიანი 31,2 ლარს ხარჯავდა, 2007 წელს ეს ხარჯი 42,5 ლარამდე გაიზარდა.

2008 წელს კი საგრძნობლად გაიზარდა ხარჯები საკვებსა და ტრანსპორტზე, საერთო ჯამში კი ერთი ადამიანის საშუალო თვიურმა ხარჯმა, (როგორც სამომხმარებლო ფულადმა ხარჯებმა, ასევე არასამომხმარებლომ) 145,9 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენით გაიზარდა ხარჯები 2009 წელს, სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მთელი წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ატვირთული. საიტზე მხოლოდ  2009 წლის მესამე კვარტლის მონაცემებია, სადაც ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯი 139,4 ლარს შეადგენს. აქედან, სამომხმარებლო ფულადი ხარჯი სულ რაღაც 98,1 ლარია.

თუ ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, 2003 წელთან შედარებით, ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯები 2009 წლის მესამე კვარტალში თითქმის 68,6%-ითაა გაზრდილი. რეალური ციფრები კი, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უფრო მაღალია.

2009 წლის მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით ერთი ადამიანი თვეში საკვებზე, თამბაქოსა და სასმელზე 43,8 ლარს ხარჯავდა, ელექტროენერგიასა და გათბობაზე 10,2 ლარს, ტრანსპორტზე კი 10,8 ლარს. არადა, რეალურად ეს ციფრი უფრო მაღალია, რამდენადაც იმ დროისთვის ფასების მომატებული იყო, როგორც საკვებზე, ასევე სხვა პროდუქციაზე, მათ შორის გაზრდილი

იყო მგზავრობის საფასურიც.

რაც შეეხება ერთი შინამეურნეობის, ანუ ერთი ოჯახის სამომხმარებლო ფულად ხარჯებს, 2003 წელს მან 219,8 ლარი შეადგინა, უკვე 2004 წლიდან სამომხმარებლო ხარჯები დანარჩენ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და 245,7 ლარს გაუტოლდა. 2005 წელს ერთ შინამერნეობას, ანუ ერთ ოჯახს სამომხმარებლო ხარჯებისთვის 265,4 ლარი სჭირდებოდა, 2006 წელს -

289,6 ლარი, 2007 წელს - 322,6 ლარი, ხოლო 2008 წელს ამ ციფრმა უკვე 386,2 ლარს მიაღწია.

ეს არის სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები, არადა, რეალურად, ერთ ადამიანს სამომხმარებლო ხარჯებისთვის უფრო მეტი რომ სჭირდება, ეს უბრალო არითმეტიკული გათვლებითაც კი აშკარაა. ასევე ცხადია, რომ ერთ შინამეურნეობას 386,2 ლარი სამომხმარებლო ხარჯებისთვის ნამდვილად არ ეყოფა.