"ევროპის "სახალხო პარტიის" წევრების ჩამოსვლა ინიცირებულია სააკაშვილისა და მისი ბანდის მიერ, ვინაიდან მათ წინასაარჩევნო პერიოდში ჰაერივით სჭირდებათ მხარდაჭერა. მართალია, სააკაშვილი უკვე მიდის თანამდებობიდან, ის პრეზიდენტი აღარ იქნება, მაგრამ ევროპარლამენტის წევრებისგან სამომავლო მხარდაჭერა სჭირდება. აქვე უნდა გავიმეორო, რომ ამათ "სახალხო პარტიის" ყველა წევრი არ უჭერს მხარს. იქ არის, სადღაც 21 კაცი. სხვათა შორის, რასაც აღნიშნული ევროპარლამენტარები აკეთებენ, ეს უკვე მხარდაჭერა კი არა, ზღვარგადასული ცინიზმია - ისინი ადრეც ბეჭდავდნენ და დღესაც ბეჭდავენ წერილებს, თითქოს მათ არასოდეს გაუგიათ, რა ხდებოდა საქართველოში. ამ მხრივ, ისინი სრულიად ბრმები და ყრუები არიან. მათ მიერ დაწერილი ძალიან ბევრი მასალა ქვეყნდება დღესაც, სადაც ქადაგებენ, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი პარტიაა, რომელიც იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ებრძოდა რუსეთს", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გრიფით "საიდუმლო" რა ინფორმაცია მიაწოდეს "ალიას?"
"სააკაშვილი თუთიყუშივით იმეორებს - პუტინმა ივანიშვილს 2 მილიარდი დოლარი მისცა, რათა სააკაშვილის ხელისუფლება დაემარცხებინაო. აი, ამ ვერსიას ამყარებენ დღეს ევროპაში. მათივე თქმით, ყველა დაპატიმრება, რაც კი საქართველოში იყო, ეს მოხდა პოლიტიკური ნიშნით. აქ არის მეორე საინტერესო ფაქტორიც - ამის შესახებ უცხოელმა დიპლომატებმა მითხრეს - ევროპის "სახალხო პარტია" ნაწილობრივ ჩავარდნილია იმ მდგომარეობაში, რომ მათთვის საჭირო გახდა საკუთარი ღირსების დაცვა - მათ ურჩევნიათ იდეალისტებად მოაჩვენონ თავი ყველას ევროპაში. თუ ვინმე პასუხს მოსთხოვთ, იტყვიან - არაფერი ვიცოდით, ჩვენ მხოლოდ ვხედავდით, რომ სააკაშვილი ებრძოდა რუსეთს და ამის გამო ომიც კი დაიწყოო. ეს მე მაშინ მითხრეს, როცა მათ პირველი წერილი გამოაქვეყნეს და ჯერ ბიძინა ივანიშვილმა გასცა პასუხი და შემდეგ კი დავით უსუფაშვილმა. მე მაშინვე ვთქვი, რომ პასუხის გაცემა იყო შეცდომა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"ჩემი აზრით, დღეს ევროპარლამენტარების ჯიბეებში მიდის შავი ფული - "ნაციონალურ მოძრაობას" ბიუჯეტზე ხელი აღარ მიუწვდება. ოქტომბრის არჩევნებამდე ძალიან დიდი ფული მიდიოდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკანონოდ გახლავთ გასაიდუმლოებული. არაერთ ასეთ საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო". იმედი მაქვს, რომ გამოძიება ამ საქმეებშიც ჩაიხედავს. ჩემი ინფორმაციით, ყველაზე მეტად გამოსაკვლევია ის ფაქტი, როგორ ირიცხებოდა ერთ-ერთი ქვეყნის მინისტრის ცოლის სახელზე დიდძალი თანხები. ჩემი პირადი ინფორმაციით, ქმარს პარალელურად ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც მიიღო მილიონები, შემდეგ გადავიდა თავის სამშობლოში და დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად, იქიდან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო, ხოლო საქართველოში თანხები ჩაბარდა მის ცოლს. ვინაობას ჯერჯერობით ვერ ვამხელ, ამ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს და იმედია გამოიძიებენ. და ეს არ გახლავთ ერთადერთი სქემა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე ჯერ კიდევ მაშინ მითხრეს უცხოელმა დიპლომატებმა, როცა ივანიშვილმა პირველ წერილზე გასცა პასუხი, რომ "სახალხო პარტია" ფაქტობრივად არის კლუბი, სადაც დიდი თანხები ირიცხებოდა. ახლა გეტყვით ერთ მაგალითს და თავად შეადარეთ - საქართველოში დღესაც ცხოვრობს ერთი უცხოელი დიპლომატი, რომელიც ოქტომბრამდე თავგამოდებით იბრძოდა, რომ ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები. სააკაშვილის დეგენერატმა გარემოცვამ არჩევნებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში სპეცრაზმი მიამაგრა და სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან უკან დასდევდნენ. 2 ოქტომბერს ამ კაცმა თქვა, ჩვენ რომ წაგვეგო, ეს ქვეყანა უნდა დამეტოვებინაო. მან კონფიდენციალურ საუბარში მითხრა ეს ყველაფერი და ვინაობას ვერ გავამხელ. ეს ადამიანი მაღალჩინოსანია და არავითარი ინტერესი არ ჰქონდა "ქართული ოცნების" მიმართ, უბრალოდ, ის ხედავდა, რომ საქართველოში არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა", - დასძენს პეტრე მამრაძე.
"ნაცისტების" ნაწილს ვერავინ წაართმევს პოლიტიკის წარმოების გამოცდილებას, მეტსაც გეტყვით, ნაცისტები" დაღუპა სააკაშვილის გიჟობამ. სააკაშვილი რომ ყოფილიყო შერაცხადი დიქტატორი, უფრო დიდხანს გაძლებდა. ჩვენს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, თუნდაც ცენტრალურ აზიაში არაერთი ავტორიტარული რეჟიმია, მაგრამ იქ არიან შერაცხადი ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ სტაბილურობას და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი სტაბილურობა უცხოელებს აწყობთ კიდეც. სააკაშვილი უპასუხისმგებლო გამოხტომებს თვითონ "ნაციონალური მოძრაობაშიც" ვერ უმკლავდებოდნენ. სააკაშვილის გარშემო გაჩნდა კორუმპირებული სადისტების კასტა და ამით წააგეს. ახლა დაუკვირდით პარლამენტში რა ვითარებაა - არ გიკვირთ, რომ "ნაციონალი" დეპუტატები უკვე აღარ გამოდიან ტელევიზიით? ეთერიდან გაქრნენ ის სახეები, რომლებიც ძალიან გვაღიზიანებდნენ ამ პერიოდში", - აცხადებს პეტრე მამრაძე და შეკითხვას - "კი, ეს უკვე თვალშისაცემია. ტელევიზიიდან გაქრნენ კანდელაკები, ჩიორები და წიკლაურები..." - პასუხობს:
"სწორედ მაგას ვამბობ, იქ აქვთ განსაკუთრებული დისციპლინა. რაკი მიშას უკვე დათვლილი აქვს დღეები, ამ ადამიანებს გაებუტა. ახლა ბაქრაძე იხდის თავის მოვალეობას, ის უბრალოდ უარს ვერ იტყოდა ამ ფონზე, თუნდაც იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მატერიალური კეთილდღეობა. სააკაშვილი თავის თანაგუნდელებს აღარც კი ელაპარაკება. როცა ურეკავენ, ტელეფონსაც არ იღებს. ამ ადამიანებმა არ შეუსრულეს დავალებები - ისე არ გამოვიდნენ ტელევიზიით და ისე არ თქვეს, როგორც მას უნდოდა. ამიტომაა, რომ სააკაშვილი ხან მთის წვერზე დარბის, ხან ტბის გარშემო, თან თითქმის მარტოა. რეზიდენციაში რომ მიიწვიოს თავისი თანაგუნდელები და სადღეგრძელოები დააგუგუნოს, ის დრო უკვე წავიდა".
"მე ნამდვილად ვიცი ერთი რამ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ინტერესი საქართველოს მიმართ არის ძალიან შემცირებული. ბრაიზა ბოლოს რომ ჩამოვიდა, მაშინ მითხრა - ორი-სამი კაცი დარჩა დეპარტამენტში, რომელსაც საქართველო ახსოვს, იცის მისი მნიშვნელობა ამ რეგიონშიო და მე მიწევს ყვირილი, რომ უახლოეს ხანში ჩვენ პრობლემები შეგვექმნებაო... სააკაშვილის ე.წ. მსტოვრები ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ დასავლეთს დაუმტკიცონ, რა დემოკრატია არსებობდა ოქტომბრამდე საქართველოში. ამას აკეთებენ პირად საუბრებშიც და თქვენ წარმოიდგინეთ უკეთესად, ვიდრე "ოცნების" წევრები, რადგან თავის დროზე გაიარეს ტრენინგები ამერიკაში და იციან როგორ დაუსხდნენ და ევროპელებს ესაუბრონ დემოკრატიაზე. თან ამტკიცებენ, კი ბატონო, გვქონდა რაღაც გადაცდომები, მაგრამ ძირითადი ხაზი ხომ სწორედ გვეჭირაო. ახლა საქართველოში წამოვიდა კორუფცია, ნარკომანია, მკვლელები გამოუშვეს ციხეებიდან და პირდაპირ შევდივართ რუსეთის ქვეშო. ამ ყველაფერს დღეს უკვე აკეთებენ დახვეწილი ფორმებით. თქვენ ნახავთ, ამ დღეებში სააკაშვილი რომ გამოვა გაეროში, როგორ დემაგოგიას დაიწყებს ტრიბუნიდან", - დასძენს რესპონდენტი.