ბრიტანული მედია: პრიგოჟინის ლიკვიდაციის ოპერაციას სავარაუდოდ კურირებდა დაზვერვის გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვი, რომელიც სკრიპალების მოწამვლის საქმეშიც ფიგურირებდა

ბრიტანული მედია: პრიგოჟინის ლიკვიდაციის ოპერაციას სავარაუდოდ კურირებდა დაზვერვის გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვი, რომელიც სკრიპალების მოწამვლის საქმეშიც ფიგურირებდა

„ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის საქმესთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) გენერალ-მაიორ ანდრეი ავერიანოვს, რომელიც ადრეც ფიგურირებდა რუსული დაზვერვის გახმაურებულ უცხოურ ოპერაციებში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა INews-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ავერიანოვის სახელი ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის კონტექსტში იყო ნახსენები. მათივე ცნობით, აფრიკაში „ვაგნერის“ საქმიანობის კურატორობა ახლა შესაძლოა სწორედ ავერიანოვს დაავალონ.

Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი აცხადებს, რომ აგვისტოში პუტინისა და აფრიკული ქვეყნების ლიდერების შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის გვერდით სწორედ ავერიანოვი იდგა. პუტინმა ის წარადგინა როგორც ადამიანი, „რომელიც იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე აფრიკის კონტინენტზე“. გროზევი ასევე ამბობს, რომ ათწლეულების განმავლობაში ГРУ-ში ავერიანოვი „მოღალატეების“ ლიკვიდაციაზე იყო პასუხისმგებელი.

Bellingcat-ის ცნობით, ავერიანოვი მეთაურობს ГРУ-ს სამხედრო ნაწილს N29155, რომელიც იდგა ჩეხეთში საბრძოლო მასალის საწყობების აფეთქების, სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლისა და რუსული სპეცსამსახურების სხვა გახმაურებული უცხოური ოპერაციების უკან.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, რეისზე დარეგისტრირებული მგზავრების სიაში იყვნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი და დაჯგუფების სხვა მეთაურები.